მაროკომ აფრიკული ფეხბურთის ისტორია დაწერა – რონალდუ ატირდა

0
73

მაროკოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები აფრიკული კონტინენტის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ითამაშებს. ვალიდ რეგრაგის გუნდი 1/4-ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა, რომელიც უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა და შემდეგ ეტაპზე ღირსეულად გავიდა. მაროკოელებმა „ვარსკვლავებით“ დახუნძლულ პორტუგალიასთან ჩვეულ სათამაშო სტილს არ უღალატეს, დაცვაში ისევ ძალიან საიმედოდ ითამაშეს და თავის მომენტს დაელოდნენ. ეს მომენტი კი, პირველი ტაიმის 42-ე წუთზე დადგა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ატიატ-ალაჰმა მეტოქის საჯარიმოში შეცდა, სადაც გამოსვლაზე მეკარე დიოგო კოშტა შეცდა და ენ-ნესირიმ თავით შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, ფერნანდუ სანტუშის შეგირდებს ბევრი საგოლე მომენტი ნამდვილად არ შეუქმნიათ.
პირველ ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს გარედან ბრუნუ ფერნანდეშის დარტყმა იყო, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა. ასევე, შეგვიძლია ჟოაო ფელიქსის დარტყმაც გამოვარჩიოთ, როდესაც მაროკოელი ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
მეორე ტაიმში თამაშში კრიშტიანუ რონალდი ჩაერთო, მაგრამ პორტუგალიამ ვერც ამით იხეირა. რონალდუს თავის გამოჩენის შანსი ერთხელ მიეცა როდესაც ბრუნუ ფერნადეშის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა დაარტყა და ბონომ კარი არ დაანება.
ძირითადი დროის დასრულებამდე ციტა ხნით ადრე, აბუჰლალი კოშტასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ პორტუგალიელ მეკარეს ბურთი ვერ ააცილა. 93-ე წუთზე ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მაროკო მოედანზე 10 კაცით დარჩა, მატჩის ბოლო წუთზე პორტუგალიის მორიგ შეტევას კართან ჩაწოდებაა მოჰყვა და პეპემ ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ატირებულმა რონალდუმ მოედანი პირველი დატოვა. მან ნაკრებში 196 მატჩი ჩაატარა და ქუვეითელი ალ-მუტვას რეკორდი გაიმეორა.
რონალდუმ კატარის მუნდიალზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა – განასთან პენალტიდან. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატებში პლეი-ოფებში 8 თამაშში მონაწილეობდა და გოლი არ გაუტანია.
ენ-ნესირი 3 გოლით მაროკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიო ჩემპიონატებზე. მაროკომ ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა – 1. ისიც სათქმელია, რომ მეტოქე ფეხბურთელს ბონოს კარში ბურთი არ გაუტანია – ეს ერთaდერთი გოლი კანადასთან შეხვედრაში თავის კარში აგუერდმა შეაგდო. რეგრაგი პირველი აფრიკელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში გაიყვანა.