ნიდერლანდების ფრე ეკვადორთან, ვალენსიას რეკორდი, კატარი ჯგუფში ჩარჩა

0
28

კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში A ჯგუფის მე-2 შეხვედრაში ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა, მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიდერლანდელმა კოდი გაკპომ საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0. ლუის ვან გაალის გაწვრთნილმა გუნდმა დაწინაურების მიუხედავად უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფაქტობრივად მატჩის ბოლომდე სახიფათო მომენტი აღარ შეუქმნია. ტაიმის მიწურულს ესტუპინიანმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და მიიჩნია, რომ ერთ-ერთი ეკვადორელი ფეხბურთელი დარტყმის მომენტში ნიდერლანდელთა მეკარეს ხელს უშლიდა.
მეორე ტაიმში გუსტავო ალფაროს დამოძღვრილი ეკვადორი უფრო აქტიურუბდა და საპასუხო ბურთი რომ გაიტანა გასაკვირი არაა. 49-ე წუთზე სამხრეთ ამერიკლების კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ესტუპინიანის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და კართან ახლოს მყოფმა ენერ ვალენსიამ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 90-ე წუთზე ვალენსიამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ორ მსოფლიო ჩემპიონატში თავისი გუნდის ზედიზედ 6 გოლი გაიტანა. 33 წლის ვალენსია 3 ბურთი ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატში მიითვალა, ხოლო 3 – მიმდინარეში. ის 3 გოლით ჯერჯერობით კატარის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია.
ვალენსიას გარდა, კიდევ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა ზედიზედ ერთი ნაკრებისთვის მუნდიალზე 6 გოლი – პორტუგალიელმა ეუსებიომ (1966, ინგლისი), იტალიელმა პაოლო როსიმ (1982, ესპანეთი) და რუსმა ოლეგ სალენკომ (აშშ, 1994).
შეხვედრის ბოლოს ეკვადორელი მოთამაშის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა და ნიდერლანდები აშკარა გოლის გაშვებას გადაურჩა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში სენეგალმა კატარი 3:1 დაამარცხა. კატარის ნაკრების მუნდიალების ისტორიაში პირველი მასპინძელია, რომელმაც ჯგუფში მიჯრით 2 მატჩი წააგო. გარდა ამისა, კატარის ეროვნული გუნდი მეორე მასპინძელია, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. პირველი სამხრეთ აფრიკა იყო 2010 წელს.
ნიდერლანდები ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა, ეკვადორი ამდენივე ქულით მეორეა, სენეგალი 3 ქულით მესამეა, ხოლო უქულო კატარი ბოლოა.
დღის პირველ მატჩში B ჯგუფში ირანის ნაკრებმა უელსს 2:0 მოუგო.