ლუკა გაგნიძე მოსკოვში დაბრუნდა და ხვალ ადგილობრივ „დინამოს“ შემადგენლობაში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება, იუწყება sport-express.ru
19 წლის ქართველი ფეხბურთელი „დინამოში” შარშან გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მოსკოველებმა ის გასულ სეზონში ეკატერინბურგის „ურალში“ გაანათხოვრეს, რომლის შემადგენლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაგნიძემ ფიფას გადაწყვეტილებით ისარგებლა და კლუბტან კონტრაქტი 30 ივნისამდე შეაჩერა, ხოლო სეზონი პოლონეთის „რაკუვში“ დაასრულა.
sport-express.ru-ს ინფორმაციით, „დინამოს“ თავკაცი სლავიშა იოკანოვიჩი გადაწყვეტს მზადაა თუ არა ქართველი ფეხბურთელი პირველ გუნდში სათამაშოდ. თუმცა, ფიფას მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ლეგიონერებს რუსულ და უკრაინულ კლუბებთან ხელშეკრულების შეჩერება და სხვა ქვეყანაში უსასყიდლოდ კარიერის გაგრძელება 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ.





