2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ეტაპის პირველ მატჩს, ბორჯღალოსნები 7 ნოემბერს „ავჭალაზე“, კანადასთან გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზე (62.29 ქულა), საქართველო კი მე-13 პოზიციაზეა (73.94).
2009 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნები კანადას 8-ჯერ ეთამაშნენ და 5-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს. ამ რვიდან ოთხი შეხვედრა საქართველოში ჩატარდა – სამი თბილისში და ერთი ბათუმში, ორჯერ კანადაში ვირაგბეთ, ორჯერ კი ნეიტრალურ მოედანზე.
პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა. ერთი წლის თავზე ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე“ (დინამო არენაზე) გვეწვივნენ და რევანში შედგა – საქართველომ 22:15 მოიგო.
2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში შევხვდით (12:31), ერთი წლის შემდეგ კი „ეროვნულზე“ მეორედ გავიმარჯვეთ – 19:15. 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით – 15:16.
ბოლო სამი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით – 54:22 ვაჯობეთ. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩრდილო ამერიკელებს შარშან ბათუმში ვუმასპინძლეთ და 38:17 ვძლიეთ.
ჩვენ და კანადა ერთა თასზე
მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, ზაფხულის ეტაპის შემდეგ, საქართველო ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. მან სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე სამი გამარჯვება მოიპოვა – ურუგვაისთან 41:34, სამოასთან 33:12 და ჩილესთან 49:22. შედეგად, ჯამში 14 ქულით პირველ ადგილზეა.
კანადა პირიქით, ამერიკისა და წყნარი ოკეანის ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ზაფხულში მან ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მარცხი განიცადა. პირველ მატჩში ის ესპანეთს 42:42 დაუზავდა, პორტუგალიასთან 14:38 დამარცხდა, ზიმბაბვეს კი 23:19 აჯობა და ჯამში 7 ქულა მოაგროვა.
rugby.ge





