ბათუმის “დინამო” ინფრასტრუქტურაში 6 მილიონს დახარჯავს

0
1

საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის კლუბის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონში თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად, ბათუმის “დინამო” ჯამში, არანაკლებ 6 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. შედეგად, კლუბი სრულად გამართულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას მიიღებს როგორც პირველი გუნდისთვის, ისე საკუთარი საფეხბურთო აკადემიისთვის.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბათუმის “დინამოს” 49-წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზა. კლუბი, აღნიშნულ ტერიტორიაზე 600 ბავშვზე გათვლილი ევროპული სტანდარტების საფეხბურთო აკადემიას მოაწყობს. პროექტი მოიცავს ახალი სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსების, უახლესი სამედიცინო და სარეაბილიტაციო სივრცეების მშენებლობას, ასევე სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას ბავშვებისა და მწვრთნელებისთვის – თანამედროვე გასახდელებით, კვების ობიექტითა და მოსასვენებელი ზონებით. ინფრასტრუქტურულ ნაწილში ასევე შედის ორი დიდი (105X65 მ) და სამი მცირე (52X26 მ) ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, რაც აღსაზრდელებს სრულფასოვანი წვრთნის შესაძლებლობას მისცემს.
ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზასთან ერთად, კლუბს 20-წლიანი აღნაგობის უფლებით ლეონიძის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო ცენტრიც გადაეცა. ამ ლოკაციაზე კლუბი უზრუნველყოფს ორი ჰიბრიდული ტიპის მინდვრის შენარჩუნებას, ახალი მინი-მოედნების მოწყობას და პირველი გუნდისთვის აუცილებელი სივრცეების – თანამედროვე გასახდელების, სატრენაჟორო დარბაზისა და აღდგენითი ცენტრის განვითარებას.
კლუბის პრეზიდენტმა, თემურ მიქელაძემ აღნიშნულ მოვლენას ისტორიული უწოდა და ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის გადამწყვეტ როლს კლუბის წინსვლაში:
„ჩვენი კლუბისთვის ისტორიული დღეა, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც “დინამო ბათუმს” უახლოეს წლებში, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
მას შემდეგ, რაც კლუბი სააქციო საზოგადოება “დინამო ბათუმის” მფლობელობაში გადმოვიდა, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ჩვენს მთავარ მიზანს კლუბის მდგრადი განვითარება და მის თანამედროვე სტანდარტებზე მორგება წარმოადგენდა. გამართული ინფრასტრუქტურის გარეშე კი, ეს პროცესი წარმოუდგენელია, ამიტომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზნისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.
მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობას და მის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, ასევე მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ყველა უწყებასა და ადამიანს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ “დინამოსთვის”, არამედ ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის საფეხბურთო ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ჩვენ ორივე ლოკაციაზე საუკეთესო ინფრასტრუქტურას შევქმნით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი აკადემიის და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისკენ იქნება მიმართული“.
ლაშა თაბაგარი