გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-5 გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ შინ „რუჟემბეროკი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო სასტარტოში მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 75-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-5 წუთზე გაგუამ ქუსლით კედელი ტრუსასთან გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა ასევე ქუსლით ბურთი ისე გაისწორა, რომ მის გარშემო მყოფი 4 მცველი სახტად დარჩა, რის შემდეგ მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა. მან ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 11 თამაშში 5 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, თასზე ერთხელ ითამაშა და ერთი ბურთი შეაგდო, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი ასევე ერთხელ გამოიჩინა. მასპინძლების განაცხადში მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე არ იყო, რომელმაც ორი ოპერაციის გაკეთების შემდეგ ვარჯიში სრული დატვირთვით დაიწყო. „დუნაისკა სტრედა“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





