მიქაუტაძის ზედიზედ მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგაში

0
1

„ვილიარეალის“ ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ თავი ჩემპიონთა ლიგის მიჯრით მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. მე-3 ტურში ესპანელები „ლივერპულს“ ესტუმრნენ, რომელშიც ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ირიცხება და 3:4 წააგეს.
შეხვედრის მე-4 წუთზე მასპინძლების კაპიტანმა ვან დაიკმა საკუთარ საჯარიმოში თავით ცუდად დაუბრუნა ბრაზილიელ გოლკიპერ ალისონს ბურთი, რომელიც მიქაუტაძემ ერთ შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 60 წუთი გაატარა. მან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 3-ჯერ ითამაშა და 2 გოლი შეაგდო, ხოლო ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
29-ე წუთზე „ლივერპულის“ მცველების კიდევ ერთი შეცდომის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა კარდონამ „ვილიარეალი“ კიდევ უფრო დააწინაურა.
36-ე წუთზე „ლივერპულმა“ კუთხური ჩააწოდა და მაკალისტერმა თავით ერთი ბურთი გაქვითა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ნგუმოამ პასი ესპანელთა კარის შორეულ ძელთან გააკეთა, სადაც მცველებმა არადამაჯერებლად ითამაშეს და არაუხომ თავით ანგარიში გაათანაბრა.
65-ე წუთზე ნგუმოა სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი მაკალისტერს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 68-ე წუთზე „ლივერპულის“ კონტრშეტევა ვირცმა გოლით დაასრულა. 87-ე წუთზე ინგლისელთა კარი ოლუვასეიმ აიღო.
ლაშა თაბაგარი