საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის მეორე შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეგახსენებთ, რომ ავთანადილ ასათიანის შეგირდები პირველ შეხვედრაში თბილისში კოსოვოსთან 2:3 დამარცხდნენ, არადა, 2:0 იგებდნენ.
ტრავმების გამო გუნდთან ერთად იტალიაში ვერ გაემგზავრნენ ნაკრების კაპიტანი ირაკლი თოდუა და ვიცეკაპიტანი შოთა თოფურია. მიმდინარე შეკრების ფარგლებში, ასევე ტრავმის გამო, გუნდს გიორგი ღავთაძე ვერ ეხმარება.
იტალია – საქარტველოს მატჩი 20 ოქტომბერს, რენდეში გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიაში 14 ფეხბურთელით გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ).
ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას ელიტ რაუნდში მოსახვედრად.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის პლეი-ოფში იბრძოლებენ.
ლაშა თაბაგარი





