‘შავი ლომი’ ორიოდე დღეში 2026/27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს. 17 ოქტომბერს 16 საათზე, “ავჭალაზე”, ჩვენი გუნდი ჩელენჯ თასის პირველ ტურში უელსურ ‘ოსფრიზს’ უმასპინძლებს.
ჩელენჯ თასის ახალ სეზონს ‘შავი ლომი’ განსაკუთრებული მზადებით შეხვდა. სექტემბერ-ოქტომბერში, პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებს ხუთი მაღალი დონის გასახურებელი თამაში ჰქონდა – გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ გუნდ ‘ბენეტონთან’, ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონთან’, სამხრეთ აფრიკის ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’, ამავე ტურნირის ვიცე-ჩემპიონ ‘აირლინკ პუმასთან’ და მესამეადგილოსან ‘ტოიოტა ჩიტასთან’.
შავი ლომის’ 22 წლის უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე, რომელიც მგეზავისა და ფულბეკის პოზიციას ფარავს და გუნდთან ერთად უკვე მესამე სეზონს ატარებს, მზადებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ წელს ტურნირს გამარჯვებით დაიწყებს:
“სამშაბათის მთავარმა ვარჯიშმა ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმუშავეთ იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც მოსამზადებელმა თამაშებმა დაგვანახა. ხუთშაბათს გენერალური რეპატიცია გვექნება და ვფიქრობ, ‘ოსფრიზთან’ თამაშს მზადყოფნაში შევხვდებით.
გასული წლის შემდეგ, შემადგენლობაში მრავლად განხორციელდა ცვლილებები. ფაქტობრივად ახალი, ახალგაზრდული გუნდი ვართ და შეთამაშება იყო საჭირო. ამ კუთხით ძალიან დაგვეხმარა ხუთი განვლილი შეხვედრა. გარდა შეთამაშებისა, ამ მატჩებმა ბევრი რამ გვასწავლა, როგორც საკუთარი, ასევე მოწინააღმდეგის თამაშიდან. ვფიქრობ, ეს გამოცდილება ჩელენჯ თასზე ძალიან წაგვადგება. ვეცდებით დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და მაყურებელს სანახაობრივი და რაც მთავარია წარმატებული თამაში შევთავაზოთ. “ჩელენჯ თასამდე ამდენი გასახურებელი თამაში აქამდე არასდროს გვქონია და კარგია განვითარების შანსი რომ მოგვეცა. პირადად ჩემთვის გამორჩეული იყო ‘ნორთჰემპტონთან’ შეხვედრა. მართალია დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ მეტოქისგან ბევრი სასარგებლო რამ წამოვიღეთ. ეს ყველაფერი გადავიტანეთ აფრიკულ გუნდებთან და შედეგად, ბოლო ორი შეხვედრა მოვიგეთ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იყო”.
ოსფრიზთან’ მოლოდინები
‘ოსფრიზი’ საქართველოში კარგ ხასიათზე მოდის. რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში მან უკვე მოასწრო სამი შეხვედრის ჩატარება და სამხრეთ აფრიკაში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ბოლო ტურში უელსურ დერბიში ‘დრაგონსი’ სტუმრად 38:31 დაამარცხა.
“მეტოქის შესწავლა მიმდინარეობს და ვცდილობთ არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს. ის სწრაფი და ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მუდამ ცდილობენ წნეხი მეტოქეზე გადაიტანონ – ასრულებენ საბრძოლო დარტყმებს და აქტიურობენ რაქში ღლეტვაზე” – ამბობს ცირეკიძე და აგრძელებს:
“მაგრამ ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეს, ორშაბათიდან თავში მხოლოდ ის უტრიალებს, რომ შაბათის შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ყველა ვარჯიშზე სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს შეგვიძლია! ამ კუთხით ძალიან დიდ როლს თამაშობს გულშემატკივარი. მათი ოვაციები და მხარდაჭერა, მოედანზე მყოფებს მოტივაციას და სტიმულს გვმატებს და იმედია, შაბათს სავსე “ავჭალაზე” მოგვიწევს თამაში”.





