„იბერიამ“ „გაგრას“ მინიმალური ანგარიშით აჯობა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა თბილისის „იბერიამ“ „მიხეილ მესხი 2“-ზე „გაგრა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „იბერიამ“ გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე გაიტანა – ნიკა დადიანმა მოედნის ცენტრიდან კარგი დიაგონალურ პასი გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე გახსნილ ნიგერიელ ენდეს, რომელმაც ერთი შეხებით მოძებნა კარის წინ მდგომი ამირან ძაგანია, ამ უკანასკნელმა კი ზუსტად დაარტყა. ძაგანიამ მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში „რუსთავის“ ბრაზილიელ ფორვარდ ჟან ალმეიდას გაუტოლდა, ხოლო პირველ ადგილზე ქუთაისის „ტორპედოს“ სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩია 13 ბურთით.
„იბერია“ 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 31 ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი