კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თილისის „იბერიამ“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის მე-9 წუთზე „იბერიას“ ნახევარზე ნიკა ნინუა ფეხებში გიორგი კუციას ჩაუვარდა და ბურთი აართვა, რომელიც გადააწოდა გიორგი ხარაიშვილს, ამ უკანასკნელმა კი ძალიან კარგი პასით მასპინძლების საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ტეიშეირა დო კოუტუ მოძებნა – ფრანგმა ანგარიში გახსნა 0:1.
ტაიმის მიწურულს ამირან ძაგანია „დინამოს“ მეკარესთან პირისპირ და დარჩა თავს ზემოთ უგდებდა ბურთს, რომელიც ბრაზილიელმა ლუკას ფლორესმა მოიგერია – სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ.
71-ე წუთზე ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა და მათე ვაწაძემ თავით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 37 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა.
72-ე წუთზე „იბერიას“ რიგებში გიორგი ბერიძე გამოჩნდა, რომელმაც გასული სეზონი უნგრეთის „უიპეშტში“ გაატარა, ხოლო მანამდე არაერთი უცხორი კლუბი გამოიცვალა. მის გარდა საქართველოს მოქმედ ჩემპიონში დებიუტი ხორვატ მცველ ფილიპ ჩანჩარს ჰქონდა.
79-ე წუთზე ძაგანიას კარგი პასის მერე, ნიკა სიხარულაშვილი ფინტით ჯერ ნიკა უგრეხელიძეს გაცდა, შემდეგ კარიდან წინ გამოსულ ფლორეს და ბრაზილიელმა წააქცია, რის გამო, მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა. „იბერიას“ კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ამ სეზონში მერვე გოლი მიითვალა. მან შეხვედრის ბოლო წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა დააკლდა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „დინამომ“ 48 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია – მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ 1 ქულით სჯობს. ლევან კორღალიძის დამოძღვრილი „იბერია“ 46 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი





