მარცხი ბუდაპეშტში – სობოსლაი ვერ გავაჩერეთ

0
0

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში მე-2 ჯგუფში მესამე მატჩი ჩაატარა და მეორედ დამარცხდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად სტუმრად უნგრეთთან ვერაფერი გააწყო, რომლის შემადგენლობაში დომინიკ სობოსლაიმ უმაღლეს დონეზე ითამაშა.
საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში უნგრეთს მესამედ დაუპირისპირდა. მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უნგრელებმა შინ პირველი თამაში 4:1 მოგვიგეს, ხოლო თბილისში „მიხეილ მესხზე“ საქართველომ 3:1 გაიმარჯვა.
სვანაძემ უკრაინასთან თბილისში 0:0 დასრულებულ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი შეცვალა – გიორგი ქოჩორაშვილის მაგივრად მოედანზე პირველი წუთიდან ირაკლი ეგოიანი გავიდა, რომელიც ოფიციალურ შეხვედრაში საწყის თერთმეტეულში პირველად მოხვდა.
დაცვის ცენტრში ლაშა დვალი, საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლოჩოშვილი მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ებარა, მარცხენა – გიორგი წიტაიშვილს. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ეგოიანი თამაშობდნენ. შეტევაში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის წყვილი ირჯებოდა.
მე-4 წუთზე ალექს ტოტიმ ჩვენი საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი, რომელიც ქართველ მცველს მოხვდა, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. მე-9 წუთზე სობოსლაი ლოჩოშვილს გაექცა და დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მე-11 წუთზე უნგრელებმა სტანდარტული შეასრულეს და მამარდაშვილმა ბურთი მუშტით ცუდად მოიგერია, ხოლო ჩვენ საჯარიმოშ მყოფმა კერკეზმა ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
24-ე წუთზე სობოსლაიმ თავისი დაწყებული იერიში დარტყმით დაასრულა და მამარდაშვილი ბურთს დაეუფლა. 35-ე წუთზე, ლოჩოშვილმა თავის ნახევარზე ძალიან ცუდი პასი გაუკეთა კიტეიშვილს და ბურთი დაიკარგა, ხოლო უნგრელთა შეტევის დროს მარჯვნიდან ლუკაჩმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაკაბაძეს კერკეზმა დაასწრო, რის შემდეგ თავით ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე კიტეიშვილმა საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ მიქაუტაძე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბალაშ ტოტიმ მოიგერია, ბურთი ისევ მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც უნგრელთა მეკარეს ვერც მეორედ აჯობა, თუმცა, ამჯერად ბურთი კვარაცხელიას დარჩა, რომელმაც დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა ორი მცველი გადაეღობა. 43-ე წუთზე კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და მიქაუტაძის სახიფათო დარტყმულმა მიზანს ვერ მიაღწია.
შესვენების შემდეგ, სვანაძემ გუნდი ოთხ მცველზე გადააწყო და მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე წიტაიშვილი გადაიყვანა. 50-ე წუთზე კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ანზორ მექვაბიშვილმა შეცვალა. 53-ე წუთზე ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ, წიტაიშვილმა საჯარიმოში ბურთი ვერ დაიმორჩილა, თორემ მეკარესთან მარტო რჩებოდა.
58-ე წუთზე სობოსლაიმ დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა „ცხრიანში“ წასული ბურთი მოიგერია. უნგრელების კუთხურის შემდეგ, ჩვენს საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძი=ოლა მასპინძელმა ფეხბურთელებმა მოიგეს და მამარდაშვილის არადამაჯერებელი გამოსვლის მერე, ლოჩოშვილმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. 61-ე წუთზე ლუკაჩმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შაფერი მოძებნა, რომელსაც ზუსტად დარტყმაში ხელი გოლიჩიძემ შეუცვალა. ამ ეპიზოდიან ცოტა ხანში უნგრელებმა კიდევ ერთი კუთხური შეასრულეს და მამარდაშვილი ისევ შეცდა, მაგრამ ბარანის კარის ხაზზე მდგომმა კვარაცხელიამ არ გაატანინა.
77-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა და გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა.  86-ე წუთზე გიორგო ქოჩორაშვილმა ბურთი თავის საჯარიმოში დაკარგა და რაიმონდ ტოტის დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე თამაშს 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან ჩაატარებს, რომელმაც გასვლაზე უკრაინას 3:0 აჯობა. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 7 ქულით, მეორეზე უკრაინა 4 ქულით, მესამეზე უნგრეთი 4 ქულით, ხოლო საქართველო 1 ქულით ბოლოა.
უნგრეთი – საქართველო 1:0 (1:0)
2 ოქტომბერი. ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“.
უნგრეთი:
ბალაშ ტოტი, ოშვატი, ორბანი, ჩინგერი, კერკეზი, შაფერი, ალექს ტოტი (ვიტალისი, 57), მილან ტოტი (ბარანი, 57), სობოსლაი (კ) (სიუჩი, 80), ნადი (რაიმონდ ტოტი, 70), ლუკაჩი (იურეკი, 80).
მთავარი მწვრთნელი:
მარკო როსი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი (კვერნაძე, 63), ეგოიანი (ქოჩორაშვილი, 46), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი, 50), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 76), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 63), კვარაცხელია (კ).
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 კერკეზი (35)
გაფრთხილება:
კიტეიშვილი (33), ქოჩორაშვილი (67), კერკეზი (74), სიუჩი (82), ვიტალისი (85)
მთავარი მსაჯი:
სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)
ლაშა თაბაგარი