შავი ლომი | თბილისის თასი 2026 – აფრიკელების დომინირებით

0
1

თბილისის თასი 2026-ის პირველ სათამაშო დღეს, სამივე სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა იმარჯვა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, მომდევნო ორ შეხვედრაში ევროპელებმა მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დასკვნით წუთებში სამხრეთელებმა მაინც იმარჯვეს.
„ავჭალის“ სტადიონზე სადებიუტო ტურნირი ‘აირლინკ პუმასისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ დაპირისპირებით გაიხსნა. თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონი ინიციატივას დაეუფლა და მეთოდურად გაზარდა საკუთარი უპირატესობა. ‘პუმასმა’ შესვენებამდე ექვსი ლელო გაიტანა, საიდანაც ხუთი გარდასახა, რაზეც ‘იბერიანსმა’ დებიუტში კონტრშეტევით, ტაიმის მიწურულს კი კარგად ჩათამაშებული შეტევით გატანილი ლელოებით უპასუხა – 40:14.
მეორე ტაიმში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა. ‘პუმასი’ დიმინირებას აგრძელებდა და კიდევ ოთხი ლელო გაიტანა, რაზეც ‘იბერიანსმა’ ერთით უპასუხა და საბოლოოდ აფრიკელებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 64:21 მოიგეს. ‘პუმასს’ გამარჯვების ოთხ ქულასთან ერთად, ოთხი და მეტი გატანილი ლელოსთვის ბონუს-ქულაც შეხვდა.
მეორე თამაში ‘ტოიოტა ჩიტასსა’ და პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ შორის გაიმართა. ის წინა შეხვედრაზე დაძაბული და უკეთესი საყურებელი გამოდგა. ‘ლუზიტანუშმა’, რომელსაც ზურგქარიც ეხმარებოდა, შესვენებამდე სამი გარდასახული ლელო გაიტანა, რაზეც ქარი ქაფის მესამე ადგილოსანმა ასევე სამი გარდასახული ლელოთი უპასუხა – 21:21.
მეორე ტაიმში ‘ჩიტასის’ უპირატესობა გამოიკვეთა და ის ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ თავისი მეოთხე ლელო პორტუგალიელებმაც გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს. ასე გაგრძელდა დასკვნით მეოთხედამდე, მერე კი სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, ორი უპასუხო ლელოს გატანა და 38:26 გაიმარჯვა. შედეგად, ‘ჩიტასმა’ ბონუს-ქულით გაიმარჯვა, ‘ლუზიტანუში’ კი ოთხი გატანილი ლელოსთვის ნუგეშ-ქულას დასჯერდა.
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონმა ბოლოში გვაჯობა
დღის დასკვნით მატჩში ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის, ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’ დაუპირისპირდა. დაახლოებით სამი თვის წინ, ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ‘გრიქასის’ სრული უპირატესობით წარიმართა (56:21) და ჩვენს გუნდს რევანში სწყუროდა. ამჯერად თამაში უფრო დაძაბული გამოდგა და ‘შავ ლომს’ გამარჯვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ დასკვნით წუთებში დაშვებული შეცდომისა და გაშვებული ლელოს შემდეგ, მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა – 15:21.
პირველ ტაიმში სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ. ‘შავი ლომი’ ხშირად ჯარიმდებოდა, რის გამოც ზურგქარით ფრთაშესხმული ‘გრიქასი’ ბურთსაც აკონტროლებდა და ჩვენს ნახევარზე დიდ დროსაც ატარებდა. მასპინძლები ახერხებდნენ დაცვაში კარგ თამაშს და წითელ ზოლში მასიურ შემტევებს შეცდომებს აშვებინებდნენ, თუმცა მუდმივად დაცვაში თამაშს დიდი ენერგია მიქონდა. სასიამოვნოა, რომ თამაშის განმავლობაში ‘შავი ლომი’ შერკინებაში დომინირებდა და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი რამდენჯერმე დააჯარიმა.
მუდმივი შეტევების ფონზე სტუმრები 35-ე წუთზე გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. თამაში რომ განახლდა ‘შავმა ლომმა’ მოახერხა ბურთზე კონტროლის დამყარება და 22-ის მისადგომებთან ფაზები აკინძა, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ დათო იმნაძემ მცირე სივრცე შენიშნა, თამამად შეუტია და ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა თორნიკე კახოიძე, რომელიც გადმოგდებულ ბურთს დაეუფლა, ერთი მოძრაობით ორი მცველი ერთბაშად ჩამოიშორა და საპასუხო ლელო გაიტანა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა – 7:7.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და 50-ე წუთზე ‘გრიქასი’ სინბინით დაისაჯა, ‘შავმა ლომმა’ კი რიცხობრივი უპირატესობით ერთ წუთში ისარგებლა. 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლს წინსვლა არ ჰქონდა, ბურთი ხაზში გავიდა, სადაც შესანიშნავად ითამაშა ცირეკიძემ, ორი მცველი მიიზიდა და დროული გადაცემით აკაკი ტაბუცაძე ერთი-ერთზე დატოვა. აკას, რომელსაც სივრცეც საკმარისი ჰქონდა, მცველს გაექცა და ალამთან ლელო ჩვეულ სტილში დაამიწა.
გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 57-ე წუთზე, შერკინებაში მოპოვებული მორიგი ჯარიმის შემდეგ, ცირეკიძემ 40 მეტრიდან მონაგარს 3 ქულა შემატა და ჩვენი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ‘გრიქასმა’ გააფთრებით შემოგვიტია, ბევრი ჯარიმის ფონზე, 61-ე წუთზე 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშა და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
74-ე წუთამდე ტაბლოზე ჩვენთვის სასურველი ანგარიში რჩებოდა და თამაშიც მეტოქის ნახევარზე მიმდინარეობდა. ‘გრიქასი’ თავისი 22-იდანაც კი ხელდახელ ცდილობდა შეტევას და მიზანს 74-ე წუთზე უწია. ბურთის ხანგრძლივი კონტროლის შემდეგ, კონორ მაჰონიმ ხაზი გაჭრა და ლელომდე დაახლოებით 60 მეტრი ირბინა. გარდასახვაც ზუსტი იყო და თამაშის შემოსაბრუნებლად ‘შავ ლომს’ გარდასახული ლელო ჭირდებოდა, მაგრამ ‘გრიქასმა’ თავი დაიცვა და 21:15 გამარჯვებით გაიხარა.
29 სექტემბერს ‘პუმასთან’
თბილისის თასის მეორე რაუნდის შეხვედრები 29 სექტემბერს გაიმართება და ‘შავი ლომი’, რომლისთვისაც ეს ტურნირი ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპია, ‘აირლინკ პუმასს’ შეხვდება. თამაში “ავჭალაზე” 17 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, სამი თვის წინ, ტოიოტა ჩელენჯზე ჩვენმა გუნდმა ეს მეტოქე 46:36 დაამარცხა.
მანამდე, 14 საათზე, ‘ტოიოტა ჩიტასი’ ‘იბერიანსს’ შეხვდება, დღის ბოლოს კი, 20 საათზე, ‘სუზუკი გრიქასი’ ‘ლუზიტანუშს’ ეთამაშება.

ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026

24 სექტემბერი. I რაუნდი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) – სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21 (7:7)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. დემურ ეფრემიძე, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. დემეტრე დევდარიანი.

24 სექტემბერი

პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – იბერიანსი (ესპანეთი) 64:21

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26

შავი ლომი (საქართველო) – გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21

29 სექტემბერი

ჩიტასი – იბერიანსი (14:00)

შავი ლომი – პუმასი (17:00)

გრიქასი – ლუზიტანუში (20:00)

4 ოქტომბერი

პუმასი – ლუზიტანუში (14:00)

გრიქასი – იბერიანსი (17:00)

შავი ლომი – ჩიტასი (20:00)

  1. პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – 5 (+43)
  2. ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – 5 (+12)
  3. გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) – 5 (+6)
  4. შავი ლომი (საქართველო) – 1 (-6)
  5. ლუზიტანუში (პორტუგალია) – 1 (-12)
  6. იბერიანსი (ესპანეთი) – 0 (-43

rugby.ge