„დინამოს“ მარტივი გამარჯვება „გაგრასთან“

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის დასკნით მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია. მანამდე, გაგრელებსმა ჩემპიონატში თბილისელებს ზედიზედ 4 თამაში მოუგეს.
მატჩის მე-3 წუთზე მასპინძლების შეტევა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ლეო სანტუშმა დაიწყო, რომელმაც ბურთი ფრანგ დო კოუტუსთან გაითამაშა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი გუნდის კაპიტან ნიკა ნინუას გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
35-ე წუთზე დო კოუტუმ მეკარესთან პირისპირ გიორგი ხარაიშვილი გაიყვანა, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ ოლექსანდრ ვორობეის ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 2:0. ვორობეიმ „გაგრას“ მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
45-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დაახლოებით 27-28 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ ჩასვა – 3:0.
63-ე წუთზე სტუმრების მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან ბრზილიელმა მცველმა აუგუსტო პორფირიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. 64-ე წუთზე ნინუამ კუთხური ჩააწოდა და ბოსნიელმა მცველმა ნუმან კურდიჩმა თავით ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. განვლილ შეხვედრაში „დინამოში“ დებიუტი 16 წლის ნახევარმცველ გაბრიელ გოგუას ჰქონდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შუახაზელის გოგიტა გოგუას ვაჟია.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „დინამო“ 42 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, მაგრამ პირველ-მეორე ადგილზე მყოფ შესაბამისად „რუსთავთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ შედარებით ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრას“ 28 ქულა აქვს და მერვეა.