ბათუმის „დინამოს“ მოგებათა სერია გორში შეწყდა

0
0

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ზედიზედ 5 მატჩის მოგების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში გორში ადგილობრივ „დილასთან“ მხოლოდ ქულა აიღო.
პირველი ტაიმის სტარტიდან თამაშს ბათუმელები აკონტროლებდნენ, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. 39-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში მყოფმა გვინეელმა ფორვარდმა მოჰამედ კანტემ კარგი პასი მისცა ლაშა მენთეშაშვილს, რომლის პირველი დარტყმული ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, თუმცა, ბურთი ისევ მასპინძლების ნახევარმცველს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. ანგარიში გახსნიდან ცოტა ხანში სტუმართა კარის აღება სენეგალელ მცველ მოჰამედ დიუფს შეეძლო, რომელმაც საჯარიმოში ერთი მეურვე ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ ყალიჩავამ გუნდი გადაარჩინა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე გორელთა ნახევარზე მყოფმა სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან „დილას“ კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა და დავით კერესელიძე კარიდან გამოსვლის დროს შეცდა, ხოლო ლუკა წულუკიძემ თავით გაიტანა – 1:1.
63-ე წუთზე ალთუნაშვილმა მეტოქის საჯარიმოში შეცვლაზე შესული იმრანი მოძებნა, რომელმაც ბურთის დამუშავების მერე, ერთი მეურვე ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 1:2. 82-ე წუთზე „დილამ“ კონტრშეტევა განახორციელა და მარჯვენა ფლანგიდან შოთა შეყილაძეს ჩაწოდების მერე, ლუქსემბურგელმა მცველმა ენეს მაჰმუტოვიჩმა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 2:2.
მატჩის მიწურულს ზურაბ მუსელიანი ბათუმელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მაჰმუტოვიჩი წამოეწია და  ფეხებში ვარდნით კარში არ დაარტყმევინა. „დინამოს“, რომელსაც ზედიზედ 10 თამაშია არ წაუგია, 44 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია, ხოლო ბერძენი დიამადის ვავალიდისის გაწვრთნილი „დილა“ 37 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი