ლობჟანიძემ ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა

0
0

საბა ლობჟანიძემ „რეალ სოლტ ლეიკის“ მაისურით გოლი MLS-ში ჩატარებულ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მორიგ ტურში „რეალ სოლტ ლეიკი“ სტუმრად ჰიუსტონის „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. 76-ე წუთზე, როცა მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ლინეკერ როდრიგესის გადაცემის შემდეგ, ლობჟანიძემ მოედნის ცენტრიდან ირბინა და საჯარიმოში შესულმა ბურთი თავს ზემოთ წინ გამოსულ მეკარეს გადაუგდო – 1:1. „ჰიუსტონელებმა“ გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე შეაგდეს.
ლობჟანიძემ, რომელიც „რეალ სოლტ ლეიკს“ ზაფხულში შეუერთდა, MLS-ში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „რეალ სოლტ ლეიკი“ 29 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი