ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა. მე-3 გამოტოვებულ ტურში როტერდამელებმა სტუმრად ქულა „ნაიმეგენთან“ აიღეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-10 წუთზე მასპინძლები ტაჰაუიმ დააწინაურა. მე-18 წუთზე ეგოიანმა მოედნის ცენტრიდან გაგზავნა ბურთი მასპინძლების კარისკენ და ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა დააკლდა.
43-ე წუთზე ირაკლი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შევიდა და პასი გარდენს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 73-ე წუთზე როტერდამელები სულზბახერმა დააწინაურა. თუმცა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლებრეტონმა ანგარიში გაათანაბრა და „ნაიმეგენს“ ქულა გადაურჩინა.
ამ სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში ეგოიანმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო 4 საგოლე პასით ერედივიზიონში ლიდერია. „ექსელსიორი“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





