უზბეკეთის სუპერლიგის მე-20 ტურში „ყიზილყუმმა“ შინ „ბუხარა“ 3:2 დაამარცხა და განვლილ შეხვედრაში ორი „ქართული“ გოლი გავიდა.
მატჩის 52-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ჯაბა ჯიღაურმა თანაგუნდელის პასის მერე, ერთი შეხებით გაიტანა. მან 64-ე წუთზე საგოლე პასი ჟურაკუზიევს გაუკეთა. ჯიღაურმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ნიკა კაჭარავა სტუმართა რიგებში შეცვლაზე მე-10 წუთზე შევიდა. 77-ე წუთზე მან მეკარის მოგერიებული ბურთი ახლო მანძილიდან კარში გადაგზავნა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. კაჭარავა „ბუხარაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 13 შეხვედრაში ერთი გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი ჩაიწერა. „ბუხარა“ 34 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ყიზილყუმი“ 26 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





