გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-5 საგოლე პასი გააკეთა. მე-7 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ მოქმედი ჩემპიონაი ბრატისლავას „სლოვანი“ მიიღო და 2:0 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
88-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, სტუმართა მეკარის მიერ გაკეთებული ცუდი პასი გაგუამ ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა ბურთი გეიეს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში 6ჯერ ითამაშა და 5 საგოლე გადაცემის გარდა, მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. მასპინძლების განაცხადში მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე ისევ არ იყო. „დუნაისკა სტრედა“ 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
„მიხალოვცემ“ შინ „ტრენჩინს“ 3:0 აჯობა. მასპინძლებში ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ შეუცვლელად ითამაშა – 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 50-ე წტზე საგოლე პასი გააკეთა – შეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო და მეკარესთან პირისპირ დანეკი დატოვა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. „ტრენჩინის“ თადარიგში მცველი გიორგი ნადარეიშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. „მიხალოვცე“ 10 ქულით მეხუთეა.
„ჟილინამ“ საკუთარ კედლებში „პოდბრეზოვას“ 3:1 სძლია. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ ორი ტაიმი იასპარეზა. სტუმრებში ლიკა სილაგაძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილინა“ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





