ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-4 ტურში „სენტ-ეტიენმა“ სტუმრად „დიჟონი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. მე-80 წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ბოაკიემ „კედელი“ ქართველ ლეგიონერთან გაითამაშა და დაახლოებით 18 მეტრიდან გაიტანა, რის წყალობით საბოლოოდ სტუმრებმა სამი ქულა აიღეს. ზურიკომ მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე ერთი გოლიც ჩაიწერა.
„სენტ-ეტიენს“ 12 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო დავითაშვილი მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე ფრანგულ გუნდში დარჩება, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დღეს საღამოს იხურება.
ლაშა თაბაგარი





