გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში მეორე გოლი მიითვალა. მე-6 ტურში „დუნაისკ სტრედამ“ სტუმრად 6:1 დაამარცხა „სკალიცა“, რომელშიც ლევან ნონიკაშვილი გამოდის.
გაგუამ შეუცვლელად ითამაშა და 33-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ საუცხოო გოლი შეაგდო – მეტოქის საჯარიმოში შესული ერთ მცველს გაცდა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. მან ამ სეზონში ჩემპიონატში ასევე 4 საგოლე პასი შეასრულა.
52-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ნონიკაშვილმა შეამცირა, როცა კუთხურის ჩაწოდების მერე, მცველის მიერ მოგერიებული ბურთი სტუმართა საჯარიმოში ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 1:3. მის ანგარიშზე ბოლო ოთხ შეხვედრაში 3 გატანილი გოლია. ის 83-ე წუთზე შეცვალეს. 87-ე წუთზე გაგუა თავის ნახევარზე ორ მოწინააღმდეგეს ჩინებულად გაუმკლავდა და გრძელი პასი „დუნაისკა სტრედას“ შეტევა დაიწყო, რომელიც გოლით კაბიჩმა დაასრულა – 1:6. სტუმართა განაცხადში მცველი ცოტნე კაპანაძე არ იყო, რომელმაც გასული სეზონი კარგად ჩაატარა, მაგრამ მიმდინარეში სასტარტოში ადგილი დაკარგა. „დუნაისკა სტრედა“ 13 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





