ბათუმის „დინამომ“ „სპაერს“ დამაჯერებლად აჯობა

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ თბილისის „სპაერი“ მიიღო და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია. თამაშის დაწყებამდე ბათუმელთა ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა და მცველმა მამუკა კობახიძემ, შესაბამისად ჩარჩოში ჩასმული 100-ნომრიანი და 200-ნომრიანი მაისურები მიიღეს. პირველმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორემ – 204.
მატჩის მე-7 წუთზე სტუმართა საჯარიმოში ბურთიანად შესული ლუკა წულუკიძე წააქცია გოჩა ცირდავამ და მთავარმა მსაჯმა ბექა კუნჭულიამ პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში ბათუმელთა საჯარიმოში მყოფმა გიორგი ცეცხლაძემ თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ნოდარ ყალიჩავამ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
26-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა თორნიკე კირკიტაძემ თბილისელთა საჯარიმოში წულუკიძე მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:0. წულუკიძეს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, როდესაც „სპაერის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი კირკიტაძის კარგი პასი ვერ გამოიყენა და ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს გადააცილა.
მე-40 წუთზე მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძის მორიგი გარღვევისა და საჯარიმოში გადაცემის შემდეგ, ისრაელელმა ეშეტიემ მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ოსტატურად გაიტანა – 3:0. კირკიტაძემ მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და ქუთაისის „ტორპედოს“ გარემარბ გიორგი არაბიძეს გაუტოლდა.
პირველ ტაიმში ერთი გოლის გაქვითვა ლაშა კოხრეიძეს შეეძლო, როდესაც „დინამოს“ საჯარიმოში მდგომს ბურთი მეტოქე მცველისგან მიუვიდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში თანაგუნდელის კარგი პასის მერე, მეკარესთან მარტო დარჩენილმა ზაქარია ბასილაშვილმა ბურთი მიწაზე დაშუვებლად ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ ყალიჩავამ საიმედოდ ითამაშა.
ბათუმის „დინამომ“ 37 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „სპაერი“ 23 ქულით მეცხრე პოზიციაზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი