პორტუგალიასთან რთული მატჩის მოლოდინში

0
2

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიაში პირველი ვარჯიში გამართა. ალექსანდარ ჯიკიჩმა ჩვენი გუნდი მატოსინოსის დარბაზში ავარჯიშა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში 29 აგვისტოს ჩამოვიდა და პორტუს გარეუბან მატოსინოსში დაბინავდა. კალათბურთელები ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ, თუმცა ფრენა საკმაოდ ხანგრძლივი — ექვსსაათიანი აღმოჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, გუნდისთვის დასვენების საშუალება მიეცა, რის გამოც კალათბურთელებმა პირველი ვარჯიში ჩასვლის მომდევნო დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 19:00 საათზე გამართეს.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში 14 მოთამაშით იმყოფება, თუმცა განაცხადში ზუსტად ის 12 კალათბურთელი იქნება, რომლებმაც სამი დღის წინ მონტენეგროსთან მოგებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ბექა ბურჯანაძე ტრავმირებულია და თბილისში დარჩა, ხოლო პორტუგალიაში მყოფი ვილი ისიანი და გიორგი კობახიძე, წინა მატჩის მსგავსად, 12-კაციანი განაცხადის მიღმა დარჩნენ.
ვარჯიშმა სტანდარტულად, როგორც მატჩის წინა დღეს სჩვევია, ისე ჩაიარა — აქცენტი მთლიანად კომბინაციებსა და სათამაშო დეტალების დამუშავებაზე გაკეთდა. დარბაზში მისვლამდე ალექსანდარ ჯიკიჩმა ბიჭებს სასტუმროში საფუძვლიანი თეორიული მეცადინეობა ჩაუტარა. სერბი სპეციალისტი თითქმის ყველა მოთამაშეს ინდივიდუალურად ესაუბრა, მათ ფუნქციებზე გაუმახვილა ყურადღება და მეტოქე გუნდის ძლიერი თუ სუსტი მხარეები გაუანალიზა.
ჩვენი ნაკრები მატჩამდე კიდევ ერთხელ — თამაშის დილას, მსუბუქად ივარჯიშებს, ხოლო პორტუგალიასთან დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.