გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში „დუნაისკა სტრედა“ გასვლაზე „კომარნოს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
სტუმრებში ქართველი ლეგიონერებიდან ფორვარდმა გაგუამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე შეცვლაზე 37-ე წუთზე შევიდა. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობას არ ანდობენ.
სტუმრები მე-19 წუთზე რამადანმა დააწინაურა. გაგუას მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდა შეეძლო, როდესაც საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. თუმცა, 65-ე წუთზე საწადელს მიაღწია – რამადანთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში ოდნავ შესულმა მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
24 წლის გაგუა 72-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს გაცდა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა პასი რამადანს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატში ერთი გოლის გატანის გარდა, სამი საგოლე პასი გააკეთა. მან კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ ოთხ მატჩში თავის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი





