„იბერიამ“ კონფერენს ლიგის ფაზა გაინაღდა – წინ ევროპა ლიგის პლეი ოფია

0
16

თბილისის „იბერია“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც კონფერენს ლიგის ფაზაში ითამაშებს. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ დაუზავდა (0:0), ხოლო შინ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.
ბოლო 22 წლის მანძილზე „იბერია“ ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. 2004 წელს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გია გეგუჩაძის თავკაცობით თბილისის „დინამომ“ მოიპოვა.
„იბერიას“ ევროპა ლიგის ფაზაში თამაშის შანსიც აქვს, რადგან პლეი-ოფში პოლონეთის „იაგელონიას“ და შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პოლონელებმა შინ პირველი თამაში 2:1 მოიგეს.
„მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრის 22-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ თავის ნახევარზე ცუდი გადაცემა გააკეთა, რომელიც ლუსტიმ ჩაჭრა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ თითქმის საჯარიმოს ხაზიდან ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
25-ე წუთზე ირლანდიელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესული ვახო ბედოშვილი მცველს გაექცა და პასი ზვიად ნაჭყებიას გაუკეთა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და „ლარნე“ გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა.
32-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ ბურთი სტუმართა ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეულმა შორეულ კუთხეში მოჭრა ბურთი, რომელიც კარს ოდნავ აცდა.
55-ე წუთზე „იბერიამ“ კუთხური კარგად გაითამაშა და საჯარიმოში მყოფმა ნიკოლოზ დადიანის დარტყმის მერე, „ლარნე“ მცველს ბურთი თავით რომ არ მოეგერიებინა, ანგარიშის გახსნის დიდი შანსი იყო. 57-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ დაახლოებით 27-28 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ირლანდიელთა მეკარის ხელიდან ბურთი კინაღამ კარში შევარდა.
74-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა მეტოქის ნახევარზე ქუსლით პასი ბედოშვილს გაუკეთა, რომელმაც გვერდი ერთ მცველს აუარა და დაახლოებით 20 მეტრიდან გაიტანა. 76-ე წუთზე „ლარნეს“ შეტევის დროს „იბერიას“ დაცვის ხაზი ჩავარდა და საჯარიმოში მყოფმა სიმპსონმა შემოტრიალებით დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში შეგორდა.
90-ე წუთზე ჯინჯოლავამ კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ლუქსემბურგელმა მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. 102-ე წუთზე ნიკა დადიანის კარგი გადაცემის შემდეგ, სიხარულაშვილმა საჯარიმოში მცველს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში “იბერია” პირველ მატჩს სტუმრად 20 აგვისტოს ჩაატარებს, ხოლო სახლში – 27 აგვისტოს. თბილისელთა მეტოქე პოლონეთის “იაგელონიას” და შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერსს” შორის გამარჯვებულში გაირკვევა. “იაგელონიამ” შინ პირველი თამაში 2:1 მოიგო.
„იბერია“ (თბილისი) – „ლარნე“ (ლარნე) 2:1 (1:1) (დამატებითი დრო)
11 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“:
მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი. 91), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, კუცია (ბართიშვილი, 65), ქარდავა (ალჰასანი, 78), დადიანი,  ბედოშვილი (ძაგანია, 78), ნაჭყებია (კულიევი, 115., სიხარულაშვილი (ენდე, 115)
მთავარი მწვრთნელი:
ანდრეი დემჩენკო.
„ლარნე“: ფერგიუსონი, ქოსგროუვი (უოლასი, 101), რიდლი, ბენტი, დონელი,  დოჰერტი (სიმპსონი, 65), გალაჰერი, შ. გრემი (მაკკენდრი, 106), სლოუნი (მაკენეფი, 78), ლუსტი (უკეკი, 78), გიბსონი (ო’ნილი, 64),
მთავარი მწვრთნელი:
გარი ჰავერონი.
გოლები: 1:0 ბედოშვილი (74), 1:1 სიმპსონი (76), 2:1 სიხარულაშვილი (102)
გაფრთხილება:
შ. გრემი (59), ჯინჯოლავა (63), სიხარულაშვილი (67), ძაგანია (84), მაკენეფი (96), ბენტი (107), დადიანი (112)
მთავარი მსაჯი: როჰიტ საგი (ნორვეგია).
ლაშა თაბაგარი