‘შავი ლომი’ 2026/27 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევიდა და მომავალი თამაშებისთვის აქტიურად ემზადება.
გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა. უკვე ვწერდით, რომ ‘შავ ლომში’ ახალ სეზონს იწყებენ ბურჯი გიგა კობახიძე, კვაჭი შოთა ხელაძე, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, ფრთა რომა მახათაძე, მგეზავი დავით იმნაძე, ბურჯი გიორგი ქიმუცაძე, მესამეხაზელი ლუკა ნარსია, ღერძი თემურ ძოძუაშვილი, ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, მეორეხაზელი დავით არველაძე და მეორე-მესამე ხაზელი ლეგიონერები – მაიკლ ქარი და ჯეიმს ამაანი.
მანამდე გუნდთან კონტრაქტი გააფორმა ბორჯღალოსანთა კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ, რომელიც სამშობლოში ‘მონტობანიდან’ ბრუნდება. ‘მონ დე მარსანიდან’ შინ ბრუნდება კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე. სამშობლოში დაბრუნდა ცენტრი გიორგი კვესელაძეც.
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდს დაემატნენ ცენტრი ლეონიდე სალდაძე და ფრთა ლუკა ტაბატაძე.
‘შავ ლომს’ ემატება კიდევ ერთი ლეგიონერი, სამოას ნაკრების მეორე-მესამეხაზელი ლეავასა პოტუ. 30 წლის მორაგბეს ევროპაში ადრეც უთამაშია. 2021-2022 წლების სეზონში ის იტალიური ‘ძებრეს’ ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს პოტუ ახალ ზელანდიური ‘მანუკაუსა’ და ‘მანავატუს’ ღირსებებს იცავდა, 2023 წელს კი ექვსი თამაში სუპერ რაგბის ‘მოანა პაციფიკშიც’ ჩაატარა. ლეავასას ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული სამოას ა ნაკრებში, 2025 წელს კი, ქვეყნის ეროვნული გუნდის კვართით სამი კეპი მოიხვეჭა.





