„რუსთავი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია

0
2

„რუსთავმა“, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სამი ქულის აღებით განაახლა. მე-20 ტურში რუსთაველები დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
შეხვედრის დაწყეიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა დავით უბილავამ პასი საჯარიმოში ბრაზილიელ ჟან ალმეიდას გაუკეთა, რომლის ფეხიდან ბურთი ხელში მცველ ცოტნე ნადარაიას ხელში მოხვდა. მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ჟან ალმეიდამ გაიტანა.
შესვენების შემდეგ, ბრაზილიელმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინა, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ არცერთ გოლი ჩაითვალა – პირველ ეპიზოდში ერთ-ერთ რუსთაველზე თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო მეორედ მასპინძელთა მოთამაშემ თამაშის წესი დაარღვია.
გარდა ამისა, ჟან ალმეიდას ორჯერ გოლი ქუთაისელთა მეკარე ოთო გოშაძემ არ გაატანინა. „ტორპედოს“ ანგარიში გათანაბრების შანსი ძირითადი დროსთვის დამატებულ დროში ჰქონდა, როდესაც კართან ახლოს მდგომი დიეგო დეისაძის დარტყმის შემდეგ, პაპუნა ბერუაშვილმა ბურთი მოიგერია.
„რუსთავში“ დებიუტი შეცვლაზე შესულ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ ლუკა პარკაძეს ჰქონდა, რომელმაც თავის დროზე კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა, მაგრამ საზღვარგარეთ კარიერა ვერ ააწყო.
თავის მხრივ, „ტორპედოში“ პირველი თამაში ნოდარ ლომინაძემ ჩაატარა, რომელიც გასულ სეზონში პორტუგალიის „ეშტორილში“ გამოდიოდა და „რუსთავთან“ შეცვლაზე ითამაშა.
„რუსთავს“ 35 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 27 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი