ლობჟანიძის გუნდმა ლიგების თასი წაგებით დაიწყო

0
2

საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა“ ლიგების თასი, რომელშიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის გუნდები მონაწილეობენ წარუმატებლად დაიწყო.
„რეალ სოლტ ლეიკი“ სტუმრად მექსიკის „ტიგრესს“ შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76 წუთი დაჰყო.
მასპინძლები მე-6 წუთზე ბრუნეტამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან მე-16 წუთზე საპასუხო ბურთი რუისმა გაიტანა. მეორე ტაიმში ლობჟანიძემ პეკარესთან პირისპირ სოლანსი გაიყვანა, რომელმაც ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
ძირითადი დროის დასრულების მერე, პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა და „ტიგრესმა“ 6:5 გაიმარჯვა. 9 აგვისტოს „რეალ სოლტ ლეიკი“ მექსიკის „ატლანტეს“ უმასპინძლებს, ხოლო 12 აგვისტოს – „ხუარესს“. 3 ტურის შემდეგ, 4-4 საუკეთესო ამერიკული და მექსიკური გუნდები 1/4-ფინალში დაწყვილდებიან.
ლაშა თაბაგარი