რუსეთში წასული ჩაქირი ხარიტონაშვილმა შეცვალა

0
1

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება მიმდინარეობს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო დეპარტამენტი ცვლილებებით ხვდება. ჯუნეტ ჩაქირს, რომელიც სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მას დავით ხარიტონაშვილი შეცვლის, რომელიც ამ დრომდე ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეკრების დაწყებამდე მსაჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიმართა. მან არბიტრებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების წინ წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ჯუნეტ ჩაქირს, სამი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და ქართული მსაჯობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მსაჯთა ტრადიციული შეკრება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილისგან შედგება. მონაწილეები ეცნობიან თამაშის წესებში შეტანილ უახლეს ცვლილებებს, განიხილავენ განსხვავებული ტიპის სათამაშო ეპიზოდებს და მონაწილეობენ VAR-ის სიმულაციებში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 7 აგვისტოს განახლდება.
ცნობისთვის, ჩაქირი მუშაობას რუსეთის საფეხბურთო კავშირში განაგრძობს. ის რუსეთის პრემიერლიგის მსაჯთა კორპუსის კურატორი გახდა და ასევე, ახალგაზრდა რუსი არბიტრების განვითარებაზეც იზრუნებს.
ლაშა თაბაგარი