ესპანეთი მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონია

0
18

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. პირველად „ფურია როხამ“ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე 2010 წელს ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით გაიმარჯვა.
ლუის დე ლა ფუენტეს თავკაცობით, რომელიც ესპანელთა ტრიუმფის მთავარი სულისჩამდგმელია პირენელებმა ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ გამართულ ფინალში არგენტინა დამატებით დროში დაამარცხა. ესპანელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რის დასტურიცაა, რომ არგენტინამ კარის მიმართულებით მხოლოდ ორჯერ დაარტყა, ხოლო ლიონელ მესი საიმედოდ „დაკეტეს“. ამ ფონზე დე ლა ფუენტეს გაწვრთნილებმა მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და რომ არა მეკარე ემელიანო მარტინესი, თამაში ძირითად დროშიც დასრულდებოდა. ესპანეთი მუნდიალის ღირსეული ჩემპიონია, ვინაიდან ეს გუნდი ყველა მატჩში დომინირებდა და საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა როგორც ტაქტიკურად, ისე ტექნიკურად და ფიზიკურად მომზადების მხრივ. თუნდაც, ის ფაქტი რად ღირს, რომ მთელი ტურნირის მანძილზე „ფურია როხამ“ ერთადერთი გოლი გაუშვა, რაც მანამდე ვერცერთმა მსოფლიო ჩემპიონმა შეძლო.
განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 103-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა – ნიკო უილიამსის თავით გაკეთებული პასის შემდეგ, საჯარიმოშ მყოფმა ერთი შეხებით აუღებლად დაარტყა. იმ მომენტისთვის არგენტინა მოედანზე ათი კაცით იყო, რადგან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ენცო ფერნანდესი მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს. ტორესი ფინალის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს. ის მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც მუნდიალის ფინალში შეცვლაზე შესულმა გამარჯვების გოლი გაიტანა. 2014 წელს იმავე გერმანელმა გიოტცემ მოახერხა.
ცნობისთვის, 2010 წელს ესპანეთმა ნიდერლანდები ასევე დამატებით დროში დაამარცხა და მაშინაც გოლი „ბარსელონას“ ფეხბურთელმა გაიტანა – ანდრეს ინიესტამ.
ესპანეთმა ჯერ ევროპის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მოგება ორჯერ მოახერხა – 2008 წელს ევროპის პირველობაზე გაიმარჯვა, 2010 წელს მუნდიალის თასი აღმართა, ხოლო 2012-ში ისევ კონტინენტზე იპირველა.
დე ლა ფუენტემ, რომელიც ესპანელებს 2022 წლიდან ავარჯიშებს, სამი ტიტული მოიგო – ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ერთა ლიგა. ესპანეთი ჩემპიონი ისე გახდა, რომ ტურნირის მსვლელობისას არცერთ მატჩში მარცხდებობდა. მანამდე, იმავე იტალიამ და გერმანიამ მოახერხეს.
65 წლის დე ლა ფუენტე მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია – მან თანამემამულე ვისენტე დელ ბოსკეს რეკორდი მოხსნა, რომელიც 2010 წელს 59 წლის იყო.
არგენტინა ერთადერთი გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ფინალში ძირითად დროში ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. გარდა ამისა, არგენტინელებს ფინალებში ყველაზე მეტი მოთამაშე გაუძევეს – სამი. არგენტინამ მუნდიალის ფინალი მეოთხედ წააგო და გერმანიის ანტირეკორდი გაიმეორა.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ხუთი დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალი წააგო, ხოლო სამი მოიგო (ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი და ორჯერ კოპა ამერიკა).
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ ესპანელთა კაპიტანი როდრი დაასახელა, რომელიც მანამდე ევროპის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ესპანელთა მცველმა კუბარსიმ მიიღო, ხოლო საუკეთესო მეკარე მსოფლიოს ჩემპიონის კარის დარაჯი უნაი სიმონი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 10 გოლი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპე გახდა, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბუცი“ ზედიზედ ორ მუნდიალზე მოიგო – მბაპემ 2022 წელს კატარში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. მბაპე ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ ტიტული არ მოუგია.

ლაშა თაბაგარი