ინგლისის პირველი „ბრინჯაო“ მსოფლიო ჩემპიონატზე

0
5

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები პირველად მოიგო. მე-3 ადგილისთვის მატჩში თომას ტუხელის გაწვრთნილმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები, რომლის თავკაცოს რანგში დიდიე დეშამმა ბოლო მატჩი ჩაატარა, 6:4 დაამარცხა.
ბრიტანელებიდან, რომელთა რიგებში კაპიტან ჰარი კეინს არ უთამაშია, მე-3 წუთზე პირველი გოლი დეკლან რაისმა გაიტანა, ხოლო მე-18 წუთზე ფრანგების კარი კონსამ აიღო. 37-ე წუთზე თავი ბუკაიო საკამ გამოიჩინა, რომელმა ტაიმისთვის დამატებულ წუთზე დუბლი შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებმა 1968 წლის შემდეგ პირველად შესვენებამდე 4 გოლი გაუშვა. მანამდე, მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებზე „სამფეროვნებს“ მსგავსი რამ არ დამართვიათ.
48-ე წუთზე მაიკლ ოლისეს გადაცემის მერე, ფრანგების კაპიტანმა კილიან მბაპემ ერთი ბურთი გაქვითა. 54-ე წუთზე ბარკოლამ ანგარიშში სხვაობ ორ გოლამდე შეამცირა, ხოლო 66-ე წუთზე ისევ ოლისეს ასისტენტობით მბაპემ დუბლი შეასრულა.
87-ე წუთზე ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საკამ გამოიყენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე დემბელემ ანგარიშში ჩამორჩენა ისევ ერთ ბურთამდე შეამცირა, წერტილი კი  საუცხოო სოლო რეიდით ბელინგემმა დასვა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე 7 გოლი მიითვალა. ინგლისმა 1982 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა საფრანგეთი როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის პირველობაზე.
1970 წლის შემდეგ მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა. მაშინ, იმავე ლეგენდარულმა გერმანელმა გერ მიულერმა მოახერხა. ამ მხრივ ფრანგი ჟიუსტ ფონტენი (13 გოლი 1958 წელს) და უნგრელი შანდორ კოჩიში (11 გოლი 1954 წელს) ლიდერობენ. მბაპემ მუნდიალებზე თავი 22 გოლს მოუყარა, რაც რეკორდია და ჯერჯერობით ერთი ბურთით ასწრებს მესის, რომელმაც ესპანეთთან ფინალი უნდა ითამაშოს. ოლისემ 7 საგოლე პასით მუნდიალებზე ლეგენდარული ბრაზილიელი პელეს რეკორდი გააუმჯობესა.
ლაშა თაბაგარი