ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგა გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „ზირესთან“ სტუმრად პირწმინდად 0:3 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩში ასევე თავის კარში სამი უპასუხო გოლი მიიღო.
კაპიტან ვლადიმერ მამუჩაშვილს აგინეს, რომელმაც მათ იმავეთი უპასუხა.
გარდა ამისა, ქომაგები ვიპლოჟდან ტრიბუნაზე ჩასულ კლუბის პრეზიდენტს დავით კერესელიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და გაწევ-გამოწევაც იყო, რის გამო საქმეში პოლიციაც ჩაერთო.
ვითარების განსამუხტად სტადიონზე განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დანაყოფის გამოძახება გახდა საჭირო და ისინი „რამაზ შენგელიაზე“ მანამდე დარჩნენ, ვიდრე დირკ შუსტერმა პერიმეტრი დატოვა.
მომხდართან დაკავშირებით „ტორპედომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა:
“ქუთაისის “ტორპედო” გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ გამოვლინებას.
კლუბისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი გარემო, სადაც ილახება ადამიანის ღირსება. შესაბამისად, დაუშვებლად მივიჩნევთ მატჩზე იმ პირის დასწრებას, რომლის ქცევაც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მოწინააღმდეგე გუნდის წევრს ან ნებისმიერ გულშემატკივარს.
ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით.
“შენგელია არენა” ცხადდება სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ. ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს. ჩვენი მიზანია, სტადიონზე მოსულმა თითოეულმა გულშემატკივარმა, ასაკის, ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, თავი უსაფრთხოდ, დაცულად და პატივისცემის გარემოში იგრძნოს.
ამავე პრინციპით, ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისაღებია მხოლოდ კონსტრუქციული და ჯანსაღი კრიტიკა. სიძულვილის ენის, მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველი შინაარსის კომენტარები წაიშლება, ხოლო მათი ავტორების მიმართ კლუბი გამოიყენებს შესაბამის მოდერაციის ზომებს.
“ტორპედო” მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი ქცევით ხელს უწყობს უსაფრთხო, ღირსეულ და პატივისცემაზე დაფუძნებული საფეხბურთო გარემოს შექმნას”. ლაშა თაბაგარი





