ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩში, ჩილეს სანტიაგოში შვიდი ლელო გაუტანეს და დამაჯერებლად, 49:22 დაამარცხეს.
პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებმა, ზაფხულის კამპანიაზე სამხრეთ ამერიკაში სამივე თამაში მოიგეს – ურუგვაისთან 41:34, სამოასთან 33:12 და ჩილესთან 49:22. საქართველომ ორი თამაშში ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს ქულაც აიღო და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს.
ჩილესთან მატჩი ლა სერენაში უნდა გამართულიყო, თუმცა შტორმის საფრთხის გამო შეხვედრა სანტიაგოში, ჩილეს ნაკრების ბაზაზე, ხელოვნურ საფარიან მოედანზე გაიმართა. მატჩს არ დასწრებიან გულშემატკივრები და მეორე ტაიმი წვიმის ფონზე ჩატარდა, თუმცა ამას ჩვენი გუნდის დომინაციისთვის ხელი არ შეუშლია.
ჩილე დებიუტშივე სინბინით დაისაჯა და ერთ წუთში ბაჩუკი ჭუმბაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, დებიუტი ჩვენთვის მაინც არასასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი და კვაჭი ნიკა სუთიძე დაშავდნენ და ორივე შესაცვლელი გახდა. მათ ნაცვლად შეცვლაზე თედო აბჟანდაძე და ვახტანგ ჯინჭარაძე შევიდნენ, ორივე კარგად ჩაერთო თამაშში და მე-12 წუთზე, კვაჭმა ჯინჭარაძემ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ერთი კვირის წინ სამოასთან ჰქონდა, სადებიუტო ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და ორივე გარდასახვა უზადოდ შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ლელოებს შორის ერთი ჯარიმა მივიღეთ, თამაში ბორჯღალოსნების დომინაციით გაგრძელდა და ლუკა ივანიშვილმა მე-18 წუთზე გატანილი ლელოთი უპირატესობა გაზარდა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩილემ ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხა, თუმცა 35-ე წუთზე ბექა შვანგირაძემ მეოთხე ლელოთი ბონუს ქულა მოგვიპოვა და მატკავამაც ზუსტად გარდასახა. ეს ლელო კაცნაკლულებმა გავიტანეთ, რადგან მანამდე სინბინით თორნიკე კახოიძე დაისაჯა და ზედ შესვენების წინ ჩილემ მეორე ლელოც მიითვალა 28:15.
მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მერე კი კახოიძემ ლელოთი ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. 67-ე წუთზე, შერკინების შემდეგ ლელო იოანე იაშაღაშვილმა დაამიწა, 79-ეზე კი ჯინჭარაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის გაწითლებულ დროზე ჩილემ თავისი მესამე ლელო მიითვალა, რის შემდეგაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 49:22 საქართველოს სასარგებლოდ.
საქართველოს შემადგენლობაში მე-60 წუთზე შეცვლაზე შევიდა გიორგი პერტაია, რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი ჰქონდა. ეს იყო საქართველოსა და ჩილეს მესამე შეხვედრა 2004 და 2005 წლის შემდეგ და მოგებით, საქართველო ურთიერთშეხვედრებში 2:1 დაწინაურდა.
ბორჯღალოსნები ერთა თასის მომდევნო სამ თამაშს ნოემბერში, საქართველოში ტონგასთან, აშშ-სთან და კანადასთან გამართავენ.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი. III რაუნდი
ჩილე. სანტიაგო. „მაჰუიდა“.
საქართველო – ჩილე 49:22 (28:15)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გიორგი პერტაია, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.
7 ლელო: ჭუმბაძე, ჯინჭარაძე (2), ივანიშვილი, შვანგირაძე, კახოიძე, იაშაღაშვილი
7 გარდასახვა: მატკავა





