„დინამო“ მეორე ეტაპზე გაჭირვებით გავიდა

0
3

თბილისის „დინამომ“ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. თბილისელებმა პირველ მატჩში სტუმრად 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა დამატებით დროში 1:1 დასრულდა.
მატჩის მე-12 წუთზე სტოლზი პირისპირ გავიდა გიორგი ლორიასთან, მაგრამ „დინამოს“ კაპიტანს ვერ აჯობა. 24-ე წუთზე გვინეელმა ბამ კარგი პასით მეკარესთან მარტო ფრანგი დო კოუტუ დატოვა, რომლის დარტყმული მაჩადომ გაანეიტრალა. შესვენებამდე მათე ვაწაძეს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.
48-ე წუთზე ნიკა ნინუამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძლიერად შეასრულა და მეკარემ ბურთი უკუაგდო. მე-60 წუთზე „დინამომ“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენილმა ბამ ბურთი კარს გადააცილა.
63-ე წუთზე თორნიკე კვარაცხელია ერთ მეტოქეს გაცდა და თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა, ხოლო საჯარიმოში შეჭრილი მცველმა წააქცია, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბამ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და მაჩადომ ბურთი მოიგერია, ხოლო კვარაცხელიას დამატების შემდეგ, კარის ხაზზე მდგომმა მცველმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მე-80 წუთზე ბრაზილიელი დოს სანტოსის დარტყმის მერე, ესტრადას თავიდან  ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 87-ე წუთზე კირხმა კუთხური ჩააწოდა და კუტუიემ თავით გაიტანა. ამ ეპიზოდში „დინამოს“ მცველები და მეკარე აშკარად შეცდნენ. 90-ე წუთზე მასპინძლები კიდევ ერთი გოლის გაშვებად გადარჩნენ, როცა კარის წინ მყოფი გონსალესის დარტყმულს ალექსანდრე კალანდაძე გადაეფარა.
დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დასაწყისში „მონდორფის“ ფეხბურთელის სახიფათო დარტყმული ლორიამ გაანეიტრალა. 109-ე წუთზე კვარაცხელიამ ერთ მოწინააღმდეგეს გაექცა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ ლუქსემბურგელთა გოლკიპერმა იყოჩაღა.
111-ე წუთზე ბა მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესული მეორესაც გაცდა, რომელმაც წააქცია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ამჯერად, პენალტი ნინუამ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და „დინამო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვის „ჟალგირისს“ შეხვდება – პირველი თამაში 23 ივლისს თბილისში შედგება და 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო 30 ივლისს ვილნიუსში სტარტს იმავე დროს აიღებს.
„დინამო“ (თბილისი) – „მონდორფი“ (ლუქსემბურგი) 1:1 (0:0)
„დინამო“:
 ლორია (კ), ფსალტისი (ქვარცხავა, 85), კურდიჩი, კალანდაძე, სანტოსი, კაკაშვილი (კვარაცხელია, 56), ოსეი, ნინუა (უგრეხელიძე, 115), ბა, ვაწაძე (ხარაბაძე, 46), დო კოუტო (ციკოლია 120).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
„მონდორფი“: მაჩადო, ესტრადა, კუტურიე (ისაკა, 105), ბაალი (მედინა, 91), კნოპფლერი, ტინელი (ლოპესი, 65), სტოლტცი (ცერველერა, 82), კლიცა (კირხი, 65), სტაინმეცი, ფარი.
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ფორკელი.
გოლები: 0:1 კუტურიე (86), 1:1 ნინუა (111).
65-ე წუთზე ბამ პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე).
გაფრთხილება: ესტრადა (47), კურდიჩი (56), ოსეი (58), კნოპფლერი (111).
მთავარი მსაჯი: გ. ლევი (ისრაელი).
ლაშა თაბაგარი