კილიან მბაპე: „ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა“

0
2

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ ის თამაში ვერ აჩვენეს, რომელიც სურდათ.
„ჩვენ ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა – ვერც ტაქტიკის და ვერც ტექნიკის მხრივ. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში როდესაც იმას ვერ აკეთებ რაც უნდა გააკეთო, მაშინ ვერ იმარჯვებ. ესპანეთის თავისი გეგმით თამაშობდა, რომელიც ცნობილია – ამ გუნდს ბურთის კონტროლი და ტემპის კარნახი უყვარს.
ჩვენ გვსურდა, რომ მეტოქე წნეხში მოგვექცია, რათა გვეიძულებინა უფრო დაბალ ტემპში ეთამაშათ, რაც ვერ მოვახერხეთ. ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა და არ ვიცოდით მეტოქისთვის როგორ გვევნო, როდესაც აუცილებელი იყო.
ჩვენ ესპანელებს უფლება მივეცით, რომ ტემპი ეკარნახათ და როდესაც ძალთა ბალანსის შეცვლა გვსურდა, მაშინ წარუმატებლობა განვიცადეთ. იქიდან გამომდინარე ჩვენ როგორც ვუტევდით, ნახევარდაცვაში მუდმივად ორი სამის წინააღმდეგ ვრჩებოდით, რაც ესპანეთთან ძალიან რთულია.
ერთი-ერთზე უნდა გვეთამაშა და გვეიძულებინა მეტოქე ჩვენთან ერთად ერბინა, რადგან ამ გუნდს უბურთოდ სირბილი არ უყვარს. მაშინაც კი როცა ბურთს ვართმევდით, შესრულებული პირველი პასი ტექნიკურად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის დონის არ იყო. ყოველივე ამას მარცხისკენ მიჰყავხარ’“ – იუწყება ფრანგული მედია მბაპეს ნათქვამს, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე 8 გოლი შეაგდო.
მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 8-8 გოლი შეაგდო. მან მიმდინარე ტურნირზე ასევე 3 საგოლე პასი გააკეთა და ბოლო 60 წლის მანძილზე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ორ მუნდიალზე 10 ან მეტი საგოლე მოქმედება ჰქონდა. მბაპემ ოთხი წლის წინ კატარში 8 ბურთის გატანის გარდა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მბაპემ მუნდიალების პლეი-ოფში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე თავი 20-ჯერ გამოიჩინა და არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესის ერთი ბურთი ჩამორჩება. მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში 8-8 გოლით სწორედ მესი და მბაპე ლიდერობენ.
კილიანი საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლის გაზაფხულიდან გამოდის და 105 მატჩში 64 გოლი გაიტანა, პლუს 43 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი