არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში დამატებით დროში შვეიცარიასთან 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იღბალი მათ მხარეს იყო.
„გულწრფელად გეტყვით, რომ დავიტანჯეთ. ვიცოდით, რომ შვეიცარია ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ზოგიერთი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვპოულობდით. სიმართლე გითხრათ, იღბალი ჩვენს მხარეს იყო, რადგან შვეიცარიას ფეხბურთელი გაუძევეს და ამის შემდეგ შევუტიეთ. რეალისტები უნდა ვიყოთ, რადგან თამაშის გაუმჯობესება გვმართებს, მაგრამ მოგება ყოველთვის უკეთესია“ – ციტირებს სკალონის ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-10 წუთზე არგენტინა მაკალისტერმა დააწინაურა, ხოლო შვეიცარიიდან საპასუხო ბურთი ნდოიემ 67-ე წუთზე გაიტანა. 72-ე წუთზე ემბოლომ სიმუალციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შვეიცარია მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 112-ე წუთზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ხულიან ალვარესმა წინ გაიყვანა, ხოლო 121-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა საბოლოო წერტილი დასვა.
არგენტინა 1/2-ფინალში ინგლისს შეხვდება. მატჩი 15 ივლისს ჩატარდება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





