არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ეგვიპტესთან დრამატულ მატჩში 3:2 მოგების შემდეგ, განაცხადა, რომ არც კი იცის მომხდარი როგორც აღწეროს.
„არც კი ვიცი მომხდარი როგორ აღვწერო. მესის გონებაში ვერ ჩავიხედავ, ის ფეხბურთს ასეთი მომენტებისთვის თამაშობს. მესი ფეხბურთის ფანატია, თამაშის ფანატია და მისი კარიერის ამ ეტაპზე ასეთი ემოციის განცდა, რაღაც დაუჯერებელია.
საბედნიეროდ, მას ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ ყველაფერს მიაღწია და თითოეული მომენტით უნდა დატკბეს, რადგან მოთამაშე, რომელიც კარიერას ასრულებს, ყოველთვის ნანობს თუ მოედანზე გადატანილი არ დატკბა.
ვფიქრობ, ეს ყოველივე მოთამაშეებზე გავლენას ახდენს. სამშობლოს როდესაც წარმოადგენ განსაკუთრებული ემოციაა, რომელთან ბევრი ემოციური ასპექტია დაკავშირებული.
ხაზს უსვამ, რომ რაც განვიცადეთ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო და დაუვიწყარი მომენტი იყო, მიუხედავად იმისა, მომავალში რა მოხდება. ამ გუნდმა იშვიათი გრძნობა მაჩუქა. ჩემთვის რთულია რომელიმე გუნდის გახსენება, რომელიც მაშინაც კი არ ნებდება, როდესაც ყველაფერი მის წინააღმდეგაა“ – იუწყება სკალონის ნათქვამს არგენტინული მედია.
განვლილ მატჩში არგენტინა უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მოედანზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი კინაღამ ტურნირს დაემშვიდობა.
მატჩის მე-15 წუთზე ეგვიპტელებიდან თავური დარტყმით ანგარიში იბრაჰიმმა გახსნა. 21-ე წუთზე მესიმ პენალტი შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია. არგენტინელთა კაპიტანმა მიმდინარე მუნდიალზე მეორე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
58-ე წუთზე აფრიკელთა ძალიან კარგი კონტრშეტევა კარში ზუსტი დარტყმით ზიკომ დაასრულა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა მანამდე ეგვიპტელ მცველზე წესის დარღვევა დააფიქსირა.
თუმცა, ზიკომ ეგვიპტელთა მორიგი კონტრიერიშის დროს არგენტინის კარი მაინც აიღო. 79-ე წუთზე მესის გადაცემის შემდეგ შეტევაში ჩართულმა მცველმა რომერომ თავით ერთი ბურთი გაქვითა. 83-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მესიმ ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე არგენტინის კონტრიერიშის დროს მარჯვენა ფლანგიდან ლაუტარო მარტინესმა საჯარიმოში ჩააწოდა და ენცო ფერნანდესმა თავით გამარჯვების გოლი შეაგდო.
მესიმ მუნდიალებზე თავისი მე-8 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მან მსოფლიო პირველობებზე 21-ე გოლი შეაგდო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა. მესიმ მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი 9 საგოლე პასი გააკეთა და თანამემამულე აწ გარდაცვლილ ლეგენდარულ მარადონას გაასწრო. ლიონელმა საგოლე გადაცემები ექვს მუნდიალზე შეასრულა, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. მან სანაკრებო დონეზე 125-ე გოლი მიითვალა, ხოლო კარიერაში – 919-ე.
არგენტინა 1/4-ფინალში შვეუცარიას დაუპირისპირდება. მატჩი 12 ივლისს თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





