ბათუმის “დინამოში” ბრაზილიელი გარემარბი პაულო ვიტორი ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ბრაზილიელი მარცხენა გარემარბის, პაულო ვიტორის ტრანსფერთან დაკავშირებით პორტიმორენსესთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„მიხარია, რომ ისეთი ისტორიული კლუბის ნაწილი გავხდი როგორიც დინამო ბათუმია. ჩემი სურვილია, რომ ამ მაისურით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და კლუბს წარმატებაში დავეხმარო“ – პაულო ვიტორი.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას: იგი ბრაზილიური ვასკო და გამას აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა.
მას შემდეგ პაულო ვიტორმა არაერთი ცნობილი კლუბის (მათ შორის ესპანური ალბასეტესა და ვალიადოლიდის, პორტუგალიური რიუ ავესა და პორტიმონენსეს, ბრაზილიური კრუზეიროსა და უკრაინული კარპატის) მაისურით 200-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი თავისი სისწრაფით, დრიბლინგითა და ტექნიკური თამაშით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ პაულო ვიტორს ტულონის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში სამი შეხვედრა აქვს გამართული. პაულო ვიტორი დინამოს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად აქტიურად ემზადება”.
ლაშა თაბაგარი





