რობერტო მარტინესი: „უფრო მოწიფული გუნდი ვიყავით“

0
0

რობერტო მარტინესის აზრით, პორტუგალიის ნაკრები უზბეკეთთან მატჩში როგორც უფრო მოწიფული გუნდი გამოიყურებოდა. პორტუგალიელთა თავკაცმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის K ჯგუფის მეორე შეხვედრაში აზიელების 5:0 განადგურების შემდეგ განაცხადა.
„ეს იყო პასუხი, რომელზეც გასახდელში ვსაუბრობდით. ზოგჯერ ასეთი მატჩი საჭირო როგორც პირველი, რათა ტურნირის მსვლელობის დროს გაიზარდო. დღეს ვნახეთ გუნდი იმავე განწყობით და თავდადებით, მაგრამ უფრო მოწიფული, რადგან ეს სასტარტო შეხვედრა არ იყო. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის მე-8 წუთზე საჯარიმოში დარტყმიდან თავი ნუნუ მენდეშმა გამოიჩინა, ხოლო 39-ე წუთზე რონალდუმ დუბლი შეასრულა. მე-60 წუთზე ჰუსანოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 87-ე წუთზე წერტილი რაფა ლეაუმ დასვა.
კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. რონალდუმ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა. 41 წლის ასაკში, ის მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე თავი 40 წლის ასაკს გადაბიჯებულმა გამოიჩინა – პირველი 42 წლისა და 39 დღის კამერუნელი როჟე მილა იყო 1994 წელს.
რონალდუ 10 გოლით პორტუგალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიო ჩემპიონატებზე – ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ ეუსებიოს (9 გოლი) გაასწრო. თუმცა, ეუსებიოს ყველა გოლი ერთ ჩემპიონატზე გაიტანა 1966 წელს ინგლისში.
კრიშტიანუმ, რომელიც პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, 230 მატჩში მეტოქეთა კარი 145-ჯერ აიღო. მან კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებულ 1329 მატში 975 ბურთი შეაგდო. იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დუბლის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბრუთელია.
ლაშა თაბაგარი