2026/27 წლების სეზონის სტარტზე, თბილისს იტალიური ფრენჩაიზი ‘ბენეტონი’ ეწვევა და ‘შავ ლომთან’ ამხანაგურ თამაშს გამართავს. შეხვედრა 12 სექტემბერს, „ავჭალაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
იტალიის ნაკრების საბაზო გუნდს შარშან სექტემბერში, იტალიურ ტურნეზე ვეთამაშეთ. დაძაბული შეხვედრის პირველი ტაიმი ‘შავმა ლომმა’ 10:7 მოიგო, თუმცა საბოლოოდ იტალიელებმა 22:15 იმარჯვეს. ახლა ისინი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოდიან.
ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირი ჩელენჯ თასი, რომელშიც ‘შავი ლომი’ ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს, 2026 წლის შემოდგომაზე იწყება. ‘შავი ლომი’ პირველ თამაშს 16-18 ოქტომბერს გამართავს და ‘ბენეტონთან’ შეხვედრა მისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
მეტოქე
‘ბენეტონი’ 1932 წელს დაარსდა და თავდაპირველად იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა. 1995 წლიდან ის პროფესიონალურ გუნდად იქცა და 2010 წლამდე იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა. დაარსების დღიდან 2010 წლამდე, მან 15-ჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, საიდანაც ათი, 1997-2010 წლების პერიოდზე მოდის.
1995 წლიდან ‘ბენეტონი’ ჩემპიონთა თასში (იმჟამად ჰეინეკენის თასი) ჩაერთო, 2010 წლიდან კი იტალიის ჩემპიონატი დატოვა და მას შემდეგ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში გამოდის (ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და სამხრეთ აფრიკის გუნდებთან ერთად), სადაც ორჯერ დაიკავა მე-7 ადგილი. გასულ სეზონში გუნდმა 18-იდან 6 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 33 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა.
ევროთასებზე, კერძოდ ჩელენჯ თასზე, ‘ბენეტონს’ საუკეთესო შედეგი 2022-23 და 2023-24 წლების სეზონებში ჰქონდა. ორივე შემთხვევაში მას ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ნახევარფინალში ჯერ ფრანგულ ‘ტულონთან’ (0:23), მერე კი ინგლისურ ‘გლოსთერთან’ (23:40) დამარცხდა.
ჩელენჯ თასის გასულ სეზონში იტალიელებმა მეოთხედფინალს დაუმარცხებლად უწიეს, იქ კი ინგლისურ ‘ექსეთერს’ 3 ქულით, 41:44 ჩამორჩნენ.
rugby.ge





