ლუის დე ლა ფუენტე: „ამ ფანტასტიკური გუნდით ვამაყობ“

0
1

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე თავისი ფეხბურთელებით ამაყია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მადრიდში „მეტროპოლიტანოზე“ ინგლისთან 2:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
„ბიჭებით ვამაყობ და მადლობას ვუხდი. მნიშვნელოვანია იმის დაფასება, რაც ამ დღემდე იყო. დაე, ვინც ჩვენს მერე მოვლენ, ეცადონ, რომ გვაჯობონ. ამ ფანტასტიკური გზით და იმით, რაც წინ გველოდება ვამაყობ.
როგორც მოგება, ასევე წაგება უნდა შეგეძლოს. საწყის 30 წუთში მეტოქემ გვაჯობა და ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდა. ჩვენ საგოლე მომენტები გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ 0:3 ვაგებდით, მაღალ შეფასებას იმსახურებს ის, რაც იმ მომენტისთვის გავაკეთეთ. ანგარიში 0:3 ჩვენთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა.
მატჩები როდესაც არცთუ კარგად იწყება, პრობლემები წარმოიშობა – პუბილს კოჭი ეტკინა, ხოლო კუბარსის კუნთის დისკომფორტი ჰქონდა, ისევე როგორც სუბიმენდის. თუმცა, გადავეწყვეთ და მოთამაშეები მაქსიმალურად დაიხარჯნენ. საწყენია, რომ ფრეც ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ფანტასტიკური გუნდით ამაყი ვარ“ – იუწყება ესპანური მედია დე ლა ფუენტეს ნათქვამს, რომლის ხელმძღვანელობით მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ზედიზედ 43 მატჩი ძირითად დროში არ წაუგია.
ჯგუფში 15 ქულით პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა, ხოლო ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე ესპანეთია. ორივე გუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი