უმცროსი “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

0
1

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მასპინძლებს ორი ლელო გაუტანეს, თუმცა „ჯუნიორ ბოკემ“ დიდი სხვაობით, 57:14 გაიმარჯვა.
საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადების გზაზე, საქართველო მოქმედ ჩემპიონს უკვე მესამედ ეთამაშა. სამხრეთ აფრიკელები საქართველოს თებერვალში ეწვივნენ და ორი თამაში მოიგეს, ახლა კი მესამე გამარჯვება იზეიმეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედაც შეხვდებიან, ამჯერად ჩემპიონატის ფარგლებში (2 ივლისს “ავჭალაზე”.
რაც შეეხება ქეიფთაუნში გამართულ თამაშს, მასპინძლებმა მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენი გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა და დისციპლინური პრობლემების გამო, ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა. საქართველო კარგი იყო შეტევით მოლში და რამდენჯერმე ბურთი ხაზზეც კარგად გაშალა. შერკინებაში თანაფარდობა იყო და უმეტესად, ბურთის მფლობელი გუნდი მეტოქეს აჯარიმებდა.
აფრიკელები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, რაზეც 6 წუთში ვუპასუხეთ. მეტოქის 22-ში პირველად რომ შევედით, მოლით მეტოქე ორჯერ დავძარით და ლევან ეზიეშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო დავით წიკლაურმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ფაქტობრივად უბურთოდ დავრჩით, რითაც “ჯუნიორ ბოკემ” კარგად ისარგებლა და შესვენებამდე გატანილი 5 ლელოთი სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 38:7.
მეორე ტაიმში ჩამორჩენა შევამცირეთ. დერეფნის შემდეგ ქულების აღება კვლავ მოლით ვცადეთ. სამხრეთ აფრიკელები ამჯერად კარგად დაგვიხვდნენ, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიტანეთ და ფრთაზე მარტოდ დარჩენილმა ლუკა ტაბატაძემ ჩვენი გუნდის მეორე ლელო მიითვალა. გარდასახვა ნიკა ხალვაშმა შეასრულა. აფრიკელებმა საპასუხოდ სამი ლელო გაიტანეს, საიდანაც ორი გარდასახეს და უპირატესობა გაზარდეს. მატჩის მიწურულს კიდევ ერთი ლელოს გატანის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ლელოში შესულ ირაკლი ყოლბაიას ბურთი ჩაუხურეს – 57:14.
ამრიგად, სამხრეთ აფრიკის სერიაზე მოვიგეთ ორი მატჩი და დავთმეთ ერთი. შინ დაბრუნების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები ცოტა ხნით დაისვენებენ და კვლავ განაგრძობენ მზადებას. ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ვიტო კოლელიშვილის შეგირდები კიდევ ორ თამაშს გამართავენ: 16 ივნისს აშშ-ს, ხოლო 22 ივნისს ახალ ზელანდიას რუსთავში შეერკინებიან.

20-წლამდელთა საერთაშორისო სერია

III რაუნდი. 30 მაისი. 16:30 (საქ. დრო)

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „სიტი პარკი“

საქართველო – სამხრეთ აფრიკა 14:57 (7:38)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ლუკა ტაბატაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური;

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. აჩი ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. პაატა ჩაკვეტაძე, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

ფიჯი – ჩილე 47:31
rugby.ge