„არსენალის“ ნანატრი ჩემპიონობა

0
1

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ბორნმუთს“ დაუზავდა (1:1) და ამის წყალობით, ლონდონის „არსენალმა“ 22-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ბოლო ტურის წინ მიკელ არტეტას გაწვრთნილ ლონდონელებს 78 ქულა აქვთ, ხოლო გვარდიოლას დამოძღვრილ „სიტის“ – 82 ქულა.
„არსენალმა“ არსებობის ისტორიაში ინგლისის ჩემპიონატი მეთოთხმეტედ მოიგო და ამ მაჩვენებლით მესამეა – „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 20-20 ტიტული მოიგეს. ბოლო 9 სეზონის განმავლობაში „არსენალი“ პირველი ლონდონური კლუბია, რომელმაც პრემიერლიგაში გაიმარჯვა.
44 წლის და 45 დღის ესპანელი არტეტა ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგაში ოქროს მედლები მოიპოვა. მანამდე, მასზე უმცროსი მხოლოდ ჟოზე მოურინიო იყო, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია – 2004-2005 (42 წლის და 94 დღის), 2005-2006 (43 წლის და 93 დღის). ცნობისთვის, 1992 წლის შემდეგ, რაც პრემიერლიგა არსებობს, ინგლისელ მწვრთნელს ტიტული არ მოუპოვებია. გაგაცნობთ იმ მწვრთნელების ვინაობას, რომლებმაც არტეტამდე პრემიერლიგაში გაიმარჯვეს: შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი (13), ესპანელი პეპე გვარდიოლა (6), ფრანგი არსენ ვენგერი (3), პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო (3), ხოლო თითოჯერ ოქროს მედლებს კარლო ანჩელოტიმ, ანტონიო კონტემ, რობერტო მანჩინიმ, კლაუდიო რანიერიმ (ყველა იტალია), მანუელ პელეგრინიმ (ჩილე), კენი დალგლიშმა (შოტლანდია), იურგენ კლოპმა (გერმანია) და არნე სლოტმა (ნიდერლანდები) დაეუფლნენ.
არტეტა ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის მწვრთნელის რანგში მოიგო. ის თავის დროზე “ევერტონში” და “არსენალში” გამოდიოდა. გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში პირველად ზედიზედ ორ სეზონში ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგო. “არსენალის” ნახევარმცველი მაქს დოუმენი 16 წლის და 139 დღის ასაკში პრემიერლიგის მომგები ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
„არსენალი“ 30 მაისს ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი