კორღალიძის უიღბლო დებიუტი – „ტორპედომ“ „დილას“ მოუგო

0
2

გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ლევან კორღალიძის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გორელები სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდნენ და ბოლო წუთზე დამარცხდნენ.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გიორგი არაბიძემ თავის ნახევარზე ორი მეტოქის „მოტყუება“ მოინდომა და ბურთი დაკარგა, ხოლო ლაშა ფარულავას გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა გვინეელმა თავდამსხმელმა მოჰამედ კანტემ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
შეხვენებამდე ქუთაისელები სტუმართა კარს ერთხელ დაემუქრნენ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა. 42-ე წუთზე „დილას“ განელმა ნახევარმცველმა ბლენქსონ ანოფმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
57-ე წუთზე მამუჩაშვილმა მოედნის ცენტრიდან ზუსტი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ ბრაზილიელ ფელიპე პირესს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ვარდნაში ბრაზილიელმა ჟოაო არაუჟომ წააქცია. მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც არაბიძემ გამოიყენა და მიმდინარე სეზონში მესამე გოლი მიითვალა – 1:0.
მეორე ტაიმის შუაწელში არაბიძემ ორჯერ შორი დისტანციიდან ორჯერ „გაისროლა“ – ერთხელ ბურთმა გვერდით ძელს ჩაუარა, ხოლო მეორედ დავით კერესელიძემ იყოჩაღა. 83-ე წუთზე ფრანგი ჟან-მარკ ტიბუე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და პასი ლაშა მენთეშაშვილს გაუკეთა, რომელმაც ხორვატ ცენტრალურ მცველ მატეო შიმიჩთანე ერთად, კარიდან გამოსულ სერბ ფილიპ კლიაიჩს დაასწრო, რის შემდეგ, ბურთი კარში გადაგზავნა – 1:1.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, არაბიძემ ბურთი გორელთა კართან ჩაჰკიდა, სადაც შიმიჩმა ყველას დაასწრო და თავით გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1.
მეორე წრეში ზედიზედ სამი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ მოიგო და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. „დილა“ 19 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი