ტურის ცენტრალურ მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 1:1.
თამაშის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი „იბერიას“ ფორვარდ ამირან ძაგანიას გადასცა.
მატჩის მე-6 წუთზე ხორვატი ნახევარმცველი მატეო ითრაქის პასის შემდეგ, დიეგო დეისაძემ ლუქსემბურგელ მცველ ვაჰიდ სელიმოვიჩს აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმის შუაწელში „ტორპედომ“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და სერბმა კონრად ანდრიჩმა საჯარიმოში გიორგი არაბიძე მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მასპინძლების მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
თავის მხრივ, „იბერიადან“ გატანა პაატა ღუდუშაურს შეეძლო, რომელიც ნიკოლოზ დადიანის კარგი გადაცემის მერე, მეკარესთან პირისპი გავიდა და დაარტყა, სერბმა ფილიპ კლიაიჩმა „ტორპედო“ გადაარჩინა. თუმცა, ღუდუშაურმა საწადელს 44-ე წუთზე მიაღწია, როდესაც დადიანმა საჯარიმოში ჩააწოდა და პოზიციურ ორთაბრძოლაში ცოტნე ნადარაიას აჯობა, რის მერე თავით ანგარიში გაათანაბრა. მან მეტოქეთა კარი ზედიზედ მესამე შეხვედრაში აიღო.
მეორე ტაიმი პირველთან შედარებით უინტერესო აღმოჩნდა და ანგარიში არ შეცვლილა. გუგა ნერგაძის გაწვრთნილ „იბერიას“ 24 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ მიჯრით მესამე თამაში 1:1 დაასრულა და 17 ქულით მეოთხეა. ქუთაისელებმა ბოლო 7 მატჩიდან არცერთი წააგეს.
ლაშა თაბაგარი