ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო და დაძაბული ორთაბრძოლა 1:1 დასრულდა. მატჩის 43-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯის დანი მაკელიეს აზრით, მადრიდელთა ცენტრალური მცველი ჰანცკო თავის საჯარიმოში „არსენალის“ ფორვარდი დიოკერეში წააქცია და პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხულიან ალვარესმა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ინგლისელები გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი არუნა ლუკმანის დარტყმული ბურთი მეკარემ უკუაგდო, ხოლო დამატებაზე ანტუან გრიზმანის ორივე მცდელობა მცველებმა გაანეიტრალეს.
55-ე წუთზე ლორიენტეს დარტყმის შემდეგ, ლონდონელთა მცველ ვაითს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე ნახვის შემდეგ, თერთმეტმეტრიანი დადო, რომლის რეალიზება ხულიან ალვარესმა შეძლო.
63-ე წუთზე „არსენალის“ საჯარიმოში მყოფმა გრიზმანმა ვარდნაში დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 78-ე წუთზე მადრიდელთა საჯარიმოში ჰანცკოს ეზემ დაასწრო, რომელსაც ფეხში მცველის ფეხი მოხვდა და წაიქცა. თავდაპირველად მაკელიემ პენალტის ნიშნულუსკნე მიუთითა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების მერე გადაწყვეტილება შეცვალა.
საბოლოოდ, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ლონდონში 5 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





