ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე დუბლი შეასრულა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბი ტურნირის ნახევარფინალში მეტოქის კარი ორჯერ აიღო. მან პირველი დუბლი ლონდონის „ჩელსისთან“ 1/8-ფინალში მიითვალა.
1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და უხვგოლიან თრილერში 5:4 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 84 წუთი გაატარა.
მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლების მცველმა პაჩომ თავის საჯარიმოში ლუის დიასი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჰაირ კეინმა გამოიყენა -0:1. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სეზონში ყველა ტურნირში 54 გოლი შეაგდო. მე-20 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ოლისეს დარტყმის შემდეგ, საფონოვი მიწვდა ბურთს, რომელიც კარის ხაზიდან მარკინიოსმა გამოიტანა.
23-ე წუთზე ზაირ-ემერის პასის მერე, უსმან დემბელე მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მარცხენა ფლანგზე გახსნილმა კვარაცხელიამ ბურთი დუესგან მიიღო, ხოლო მარცხნიდან საჯარიმოში შეჭრილი სტანისიჩს გაცდა, რის შემდეგ „მოჭრილი“ დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:1.
33-ე წუთზე დემბელემ კუთხური ჩააწოდა და ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით პარიზელები წინ გაიყვანა – 2:1. 41-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ოლისე ვერავინ შეაჩერა და ფრანგმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ტაიმის ბოლო წუთზე დემბელეს დარტყმული ბურთი „ბაიერნის“ საჯარიმოში ხელში ალფონსო დევისს მოხვდა და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების მერე, თერთმეტმეტრიანი დადო, რომლითაც დემბელემ კარგად ისარგებლა – 3:2.
56-ე წუთზე პსჟ-ს კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ჰაკიმი გადაცემა კვარაცხელიას მისცა, რომელმაც ერთი შეხებით დუბლით შეასრულა – 4:2. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ამ მაჩვენებლით ხვიჩა შედეგიანი მოქმედებებით ნახსენებ ტურნირზე პსჟ-ს რეკორდსმენი გახდა – გასულ სეზონში დემბელეს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 8 ბურთი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
58-ე წუთზე დემბელემ ბურთი გერმანელების საჯარიმოში მიიღო და ერთი მცველის ჩამოცილების მერე, ახლო კუთხეში გაიტანა – 5:2. მიუნხენელებმა ევროთასებზე ერთ შეხვედრაში 5 გოლი 1995 წლის შემდეგ პირველად გაუშვეს.
თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „ბაიერნმა“ ბოლომდე იბრძოლა. 65-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, კიმიხმა ბურთი მასპინძლების კართან ჩაჰქკიდა, სადაც უპამეკანომ თავით ერთი ბურთი გაქვითა – 5:3. 68-ე წუთზე კეინის გადაცემის მერე, დიასმა ბურთი პსჟ-ს საჯარიმოში დაამუშავა და მარკინიოს გაუმკლავდა, რის მერე, პსჟ-ს კარი აიღო – 5:3. თავდაპირველად გვერდითმა ქალმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ VAR-ზე შემოწმების მერე, გოლი ჩაითვალა.
ხვიჩას საუცხოო თამაშის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დემბელე დაასახელეს. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 6 მაისს მიუნხენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





