კანადის ქალაქ ვანკუვერში, ფიფას 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.
საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს.
ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლევან კობიაშვილი: “მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ფიფას ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა.
არმენ მელიქბეკიანი: “ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და სომხეთიც მსოფლიო თასს ღირსეულად უმასპინძლებს. ყველაფერს ვეცდებით, რომ ფიფას ახალგაზრდული მსოფლიო რანგის ტურნირების ისტორიაში, ეს ტურნირი გამორჩეული იყოს”.
ლაშა თაბაგარი





