“ბათუმი” მეექვსედ გაჩემპიონდა

0
2

ბათუმის ‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘არესს’ 38:6 აჯობა და 2025/26 წლების სეზონის crocobet დიდი 10-ის ჩემპიონი გახდა. ზღვისპირელებისთვის ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა, სულ კი თასი მეექვსედ აღმართეს, რითიც თბილისის ‘ლელოს’ გაუტოლდნენ და მოპოვებული მედლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
‘ბათუმი’ აქამდე საქართველოს ჩემპიონი 1999, 2002, 2019, 2022 და 2025 წლებში გამხდარა. შარშანდელმა ჩემპიონმა ტიტული მიჯრით მეორედ მოიპოვა. ქუთაისის ‘არესმა’ კი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, მედლების მოპოვება ისტორიაში პირველად მოახერხა.
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული შეხვედრის დებიუტში ქუთაისელებმა შეცდომა დაუშვეს, რითაც გიორგი მარგალიტაძემ ისარგებლა და მე-4 წუთზე დაფიქსირებული ლელოთი ანგარიში გახსნა. ვაჟა მიქაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო. მე-12 წუთზე სოლომონი რაუნგე სინბინით დაისაჯა და ‘არესი’ კაცნაკლული დარჩა, მიქაძემ კი მონაგარი ჯარიმით გაზარდა.
3 წუთში ყვითელი ბარათი უკვე ბათუმელთა ფრთა პიტერ ვილიამსმა მიიღო და სანდრო ფურცხვანიძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 28-ე წუთზე კი მორიგი ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. 33-ე წუთზე მასპინძელთა ფაზური შეტევის შემდეგ ვილიამსმა ერთი-ერთზე მცველს აჯობა მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა, რომელიც რთული პოზიციიდან მიქაძემ გარდასახა, ხოლო ტაიმის ბოლოს რეზი ჯინჭველაშვილმა ხაზი გაჭრა, რასაც მარგალიტაძის მეორე ლელო მოყვა და მიქაძის გარდასახვის შემდეგ პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა – 24:6.
მეორე ტაიმში ‘არესმა’ სიტუაციის შეცვლა სცადა, თუმცა ‘ბათუმმა’ 30 წუთის განმავლობაში თავი კარგად დაიცვა, დასკვნით 10 წუთში კი კიდევ ორი ლელო გაიტანა. 70-ე წუთზე ზურა ნინიძემ გადაცემა ჩაჭრა, ლელომდე დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და მისი ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა, ხოლო 5 წუთში კიდევ ერთი თერნოვერი თორნიკე გაბელაიას ლელოთი დასრულდა და ნოზაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 38:6.
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მარგალიტაძე გახდა, რომელიც ნამატჩევს საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ დააჯილდოვა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის ‘არესს’, ისტორიაში პირველი ვერცხლის მედლები ქალაქების – ქუთაისისა და ბათუმის მერებმა, შესაბამისად დავით ერემეიშვილმა და გიორგი ცინცაძემ გადასცეს.
საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ ოქროს მედლებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკანიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ დააჯილდოვეს. ‘ბათუმის’ კაპიტან ვანო ფუტკარაძეს, crocobet დიდი 10-ის ახალი თასი, რომელიც ქართული რაგბის მეგობარის, ნიკა ხვედელიძის დიზაინითა და ავტორობით დამზადდა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭრავამ გადასცა.
rugby.ge