საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თბილისის “დინამოსთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 58 წლის სპეციალისტი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დღეს წარადგინეს.
თემურ ქეცბაია: „დიდი მადლობა პრეზიდენტ რომან ფიფიას, რომ შესაძლებლობა მომცა ვიმუშავო გუნდში, სადაც დიდი ხანი, როგორც ფეხბურთელმა ვითამაშე და 35 წლის მერე, როგორც მწვრთნელი ვბრუნდები. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან “დინამო” საქართველოში პირველი გუნდია. შესაძლოა, ახლა გუნდში პრობლემებია, მაგრამ ამის აღმოსაფხვრელად მოვედით, რომ გავაკეთოთ საქმე. “დინამო” ყოველთვის იყო და იქნება პირველი გუნდი. ყველა ბავშვის და ახალგაზრდა ფეხბურთელის ნატვრაა “დინამოში” თამაში. ჩვენ დროს ასე იყო და იმედია, ახლაც ასეა. ამ გუნდს ყველანაირი პირობები აქვს, რომ ტიტულებისთვის იბრძოლოს.
რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოხვ]დება და დროა საჭირო. ამ გუნდს სჭირდება გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც ახალგაზრდა ბიჭებს უფრო დაეხმარებიან, რომ მათ ევროტურნირებზე ითამაშონ.
სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში ვერცერთმა ქართულმა გუნდმა მოახერხა ევროტურნირებზე მოხვედრა. ამაზე ბევრია საფიქრალი, ბევრია გასაკეთებელი. იმედია, ისეთ გუნდს გავაკეთებთ, რომელიც იბრძოლებს ევროთასებზე მოსახვედრად. “დინამო” ჩემი გუნდია, აქ გავიზარდე და დიდი პატივია დაბრუნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ამ გუნდ იმ წარმატებას მიაღწიოს, რომელიც წარსულში ჰქონდა.
არავის გვიხარია, რომ “დინამო” მერვე ადგილზეა, მაგრამ გვინდა სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ერთ-ორ დღეში არ მოხდება. საჭიროა გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებიან. პრეზიდენტისგან მხარდაჭერა გვაქვს, რომ გუნდი გავაძლიეროთ. სამწუხაროა, რომ “დინამო” ასეთ ულამაზეს სტადიონზე თამაშობს და გულშემატკივრები ტრიბუნაზე არ არიან. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში კარგი არავისთვისაა. ამიტომ, გვინდა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებს დაეხმარონ.
გუნდში ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც უკვე მზად არიან და გუნდს ეგრევე დაეხმარებიან. ზაფხულამდე თვენახევარია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატოთ. ვინც მოვა გუნდში, ყველა ფეხბურთელი ჩემი თანხმობით მოვა. გვეყოლება კანდიდატები, რომლებსაც განვიხილავთ. ვენდობით ხალხს, ვინც ამ საქმეში მუშაობს. რა თქმა უნდა, მინდა, ისეთი ფეხბურთელები დავიმატო, რომლებსაც ვიცნობ და ვიცი, რომ დაგვეხმარებიან, მაგრამ მთავარია, ის მოთამაშეები მოვიყვანოთ, რომლებიც “დინამოს” ნამდვილად გააძლიერებენ.
“დინამო” ყველაზე ტიტულიანი გუნდია საქართველოში. საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ევროთასი აქვს მოგებული და გვინდა, დიდება დავუბრუნოთ. ეს სალაპარაკოდ ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ასე იოლი არ იქნება. ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება გამოცდილი ფეხბურთელები. გუნდი კარგ მდგომარეობაში არაა. გვაქვს კომუნიკაცია პრეზიდენტთან, ვიცით, რა გვჭირდება, მაგრამ ამას დღეს ვერ გავაკეთებთ. უნდა დაველოდოთ. მანამდე, ბევრი გვაქვს სამუშაო.
ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, მაგრამ მათაც სჭირდებათ გამოცდილი ფეხბურთელები. ეს ერთ თვეში ვერ გაკეთდება. ამიტომ, გავაფორმეთ სამწლიანი კონტრაქტი, რათა ამ სამ წელში გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. თუ გაკეთდება, თუ არადა, სხვას მოუწევს ამის გაკეთება. თუმცა, გვჯერა, რომ ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ საჭიროა დრო.
მოლაპარაკება დღეს არ დაწყებულა. ცოტა ხნის წინ კვიპროსში შევხვდითა. მადლობა რომან ფიფიას, რომ „დინამოს“ საიუბილეო მაისური მაჩუქა. ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. „დინამო“ 100 წლის გახდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია. მაშინვე გვქონდა ლაპარაკი, მანამდეც გვილაპარაკია, მაგრამ თვითონ გუნდის პრეზიდენტი არ იყო მზად, რომ ის, რასაც, მე როგორც მწვრთნელი და „დინამოს“ გულშემატკივარი ითხოვს, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო. ახლა გვქონდა დადებითი საუბარი. იმედი გვაქვს, რომ ყველანაირი პირობები შეიქმნება, რომ „დინამო“ წარმატებული იყოს, რადგან არავის უხარია გუნდის ამ სიტუაციაში ყოფნა. ამიტომაა სამწლიანი კონტრაქტი, რომ ამ დროში გავაკეთოთ ის გუნდი, რომელიც გულშემატკივარს გაახარებ და ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძოლებს. სამწუხაროდ, დღეს ეს სიტუაცია არაა, მაგრამ ყველა წინაპირობაა, რომ ამის გაკეთება შესაძლოა.
სამწუხაროა, რომ ეროვნული ლიგა ასეთ დღეშია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის საუკეთესო დონეზე იქნებოდა. 30 წელია ევროტურნირებზე გამოვდივართ და ჯგუფში ერთხელ გავედით 20 წლის წინ. ჩემპიონატი არაა იმ დონეზე, რომელზეც გვინდა. ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელები უცხოურ კლუბებში მიდიან, აქ არავინ ჩერდება, რადგან დონეც არაა. ფინანსურადაც არაა იმის საშუალება, რომ დიდი ფული გადაუხადო ფეხბურთელებს, რომ აქ დარჩნენ.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თუ კარგ გუნდში მიდის კარგია, მაგრამ ზოგჯერ ფულის გამო ფეხბურთელები ისეთ გუნდებში მიდიან, რომ… ესაა სამწუხარო. თუ არ გაქვს ფინანსური საშუალება, ძალიან ძნელია კარგი გუნდის გაკეთება, ბევრი რამ ფულზეა დამოკიდებული. გვჭირდება, რომ ეროვნული ლიგა გაძლიერდეს, რაც ნაკრებისთვის კარგი იქნება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებში თითქმის არავინაა საქართველოს ჩემპიონატიდან, რაც ასევე ცუდია. იმედია, ეს სიტუაცია გამოსწორდება.
სამწუხაროა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დადის, ტელევიზია ფულს არ იხდის – საიდან უნდა ჰქონდეს გუნდს შემოსავალი? როდემდე უნდა გადაიხადოს ერთმა კაცმა ფული? საიდან უნდა მოვიდეს ის თანხა, რომ მარტო ერთ კაცს არ მოუწიოს გუნდის დაფინანსება?. გულშემატკივრის პრობლემა მარტო თბილისშია. რაიონებში ხალხი დადის. იმდენი არა, რამდენიც გვინდა, მაგრამ თბილისთან შედარებით დადის. ძალიან ძნელია ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში. მით უმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომელსაც ამ დროს გულშემატკივრის დახმარება. ვიცით, რომ არაა საუკეთესო დონე, მაგრამ მოვიდეს გულშემატკივარი და დონეზე მერე გამოთქვას პრეტენზია, თორემ ტელევიზორიდან კრიტიკა ყველას შეუძლია. გულშემატკივარმა სტადიონიდან თავის გუნდს უქომოგოს, ეს ნორმალური პროცესია. მინახავს უცხოეთში უფრო დაბალი დონის ფეხბურთი, მაგრამ სტადიონი სავსეა. 30 წელია ვიძახით ამ პრობლემაზე და ეს დროც არ დამთავრდა.
„დინამოში“ პირველად რომ მოვედი, სხვა რეალობა იყო. საბჭოთა კავშირის დროს “დინამო” იყო ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საოცნებო გუნდი. როგორც ახლა საქართველოს ნაკრებში თამაშია საოცნებო, მაშინ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი “დინამოში” ხვდებოდა. 19 წლის ბიჭი ვიყავი და ავისრულე ჩემი ნატვრა, რომ “დინამოში” მოვხვედრილიყავი და გავიზარდე აქ, როგორც ფეხბურთელი. მივაღწიე კარგ ჩემპიონატებში თამაშის მიზანსაც.
მქონდა რაღაც სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ როცა დავილაპარაკეთ, მეც რაღაცნაირი სურვილი გამიჩნდა, რომ თუ რამე შემეძლება, ეს გუნდი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო. მქონდა რომან ფიფიასთან საუბრი და მაქვს თანხმობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საჭირო და საკმარისი ფეხბურთელები დავიმატოთ. “დინამო” პირველი გუნდია ისტორიით, მიღწევებით, არა მარტო საქართველოშია გამორჩეული, არამედ, ევროპაშიც და აქ მსოფლიო დონის ფეხბურთელებსაც უთამაშიათ.
გვქონდა გეგმებზე საუბარი ეს ერთია, ხოლო მეორეა რისი გაკეთება შეგვიძლია. მე ჩემს თავზე ვერ ავიღებდი მხოლოდ წლევანდელ სეზონს, ამიტომ გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თამაშები რომ ვნახე, უკეთეს შედეგებსაც იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. როცა საქმე კარგად არ მიდის, პირველი ჯოხი მწვრთნელზე ტყდება. ეს მეც ბევრჯერ მაქვს გამოცდილი და ახალი არაფერია. რა თქმა უნდა, ამ სეზონზე ხელი არ გვაქვს ჩაქნეული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ.
“დინამო” ყოველთვის ჩემპიონობისთვის და ევროტურნირებზე ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლებს. იმედია, დადგება ის დრო, როცა დავინახავთ ამ სტადიონს სავსეს “დინამოს” თამაშებზე, როგორც ნაკრების თამაშებზე ხდება.
ვფიქრობ, თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქია და რაც ამ ქალაქს აკლია, ეს არის ფეხბურთი. სახლში ჯდომა და კრიტიკა, ადვილია, მაგრამ როცა სტადიონზე მიხვალ, მერე უკვე შეგიძლია კრიტიკა. თორემ, ახალგაზრდა ფეხბურთელი ცარიელ სტადიონზე რომ თამაშობს, ეს კარგი არაა. ვთხოვ, გულშემატკივარს მოვიდეს სტადიონზე და გუნდს გვერდით დაუდგეს.
თორნიკე კვარაცხელიას დაწინაურება? ნაადრევი არა და გვქონდა ამაზე ლაპარაკი. ორი დღეა გუნდში ვართ. ჯერ კიდევ ყველაფერი ვერ მოვაგვარე. გვექნება ამის დრო.
ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ფეხბურთელი ნიჭიერია. რა თქმა უნდა, 10 წლის ბავშვს ვერ ვათამაშებთ, მაგრამ 16-17 წლის ფეხბურთელი, თუ მზადაა, ასაკს არ ვუყურებ. როცა ფეხბურთელი ნიჭიერია, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოსტატობა უფრო მეტად გაიზარდოს. გვაქვს ამის მაგალითები. როგორც ხვიჩა კვარაცხელია და სხვები არიან საზღვარგარეთ, რომლებიც კარგად თამაშობენ, ამის შემდეგ ინტერესი გაიზარდა, უცხოელები დაინტერესდნენ ქართველი ფეხბურთელებით, რაც კარგია ნაკრებისთვის, ჩემპიონატისთვის და ყველასთვის კარგია”.





